შესაძლებელია თუ არა მოპარული კრიპტოვალუტის განაღდება

ჰაკერებმა 530 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს

გასული კვირის მიწურულს, იაპონური კრიპტოსავალუტო ბირჟა Coincheck Inc.–დან ჰაკერებმა დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტა მოიპარეს. აღნიშნული, ბირჟის პრეზიდენტმა კოიტირო ვადამ უკვე დაადასტურა. ჰაკერებმა ბირჟიდან კრიპტოვალუტა NEM-ი მოიპარეს, მიმდინარე გაცვლითი კურსით მათ დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარი მიისაკუთრეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძარცვა უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე „ძვირადღირებული“ ქურდობა. ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ დააყენეს დღის წესრიგში კრიპტოვალუტების დაცვის სისტემების სანდოობის საკითხი.

განსაკუთრებით საინტერესო რამდენიმე საკითხია, მაგალითად, როგორ მოახერხეს ჰაკერებმა ციფრული ვალუტის მოპარვა, სად წავიდა NEM-ის „მონეტები“ და მთავარი, შეძლებენ თუ არა ისინი ციფრული ფულის განაღდებას.

სად წავიდა მოპარული ვალუტა

კრიპტოვალეტების ბაზრის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის გარემოება, რომლის მიხედვითაც ყველა ტრანზაქცია გამჭვირვალეა. ანუ ყველას შეუძლია ონლაინ რეჟიმში თვალი ადევნოს თუ რომელ ელ. საფულეშია ბიტკოინი, ან ნებისიერი სხვა ციფრული ვალუტა, მათ შორის NEM-იც. არ აქვს მნიშვნელობა ტრანზაქცია კანონიერი გზით განხორციელდა თუ მოიპარეს. Coincheck-მა გაასაჯაროვა 11 საბოლოო მისამართი, სადაც მოპარული კრიპტოვალუტები აღმოჩნდნენ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არავის შეუძლია ნახოს თუ ვის ეკუთვნის ანგარიშები. თითოელი მათგანი შეიცავს ტექსტს: “coincheck_stolen_funds_do_not_accept_trades : owner_of_this_account_is_hacker”, რაც NEM-ის დეველოპერების მიერ შექმნილი ავტომატური საძიებო სისტემის დამსახურებაა, რომელიც მოპარულ „მონეტებს“ ავტომატურად აღრიცხავს.

შესაძლებელია თუ არა მოპარული კრიპტოვალუტის განაღდება

მართალია, მძარცველები პირდაპირი გზით ვერ მოახერხებენ მოპარული ციფრული ფულის განაღდებას, თუმცა „გამოსავლის მოძებნა“ აქაც შესაძლებელია. მათ გადაცვლის დახურული სისტემა დაეხმარებათ, დაახლოებით ShapeShift–ის მსგავსი, რომელიც ვაჭრობას პერსონალური მონაცემების გარეშე ახორციელებს. NEM-ის სხვა უფრო ანონიმურ ვალუტაში (მაგალითად Monero) გადაცვლის გზით, დიდი ალბათობით, შეძლებენ მის გათეთრებას. გამოწვევა, მოპარული თანხის მასშტაბებია. აქვე აღსანიშნავია, რომ ShapeShift–ზე NEM-ის გადაცვლა დღეს შეიზღუდა.

წყარო: „ბანკები და ფინანსები"