გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დანამატის გაცემის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური ან განსაკუთრებული სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენა არ ხდებოდა.
ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2016 წელს მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, სამინისტროს სისტემაში თანამშრომლებზე 2016 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაცემულია 30,718,469 ლარი, მათ შორის, დანამატი 6,514,701 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 21%-ს შეადგენს.
„საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.