ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე 232,410,666 ლარის აქციები და სხვა კაპიტალი ირიცხება. ამის შესახებ აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2016 წელს მოიცავს.
ანგარიშში საუბარია, ქონების ეროვნული სააგენტოს მართვის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების კაპიტალში სააგენტოს მიერ განხორციელებულ შენატანებზე.
„2016 წლის განმავლობაში, ქონების ეროვნულ სააგენტოს, მისი მართვის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების კაპიტალში, ფულადი და ქონებრივი სახით სულ 228,785,439 ლარის შენატანი აქვს განხორციელებული.
აქედან 196,801,748 ლარის ღირებულების ქონება, რომელიც შეტანილ იქნა საწარმოთა კაპიტალის გასაზრდელად, სააგენტოს ბალანსზე არ იყო აღრიცხული როგორც არაფინანსური აქტივი, შესაბამისად მისი კაპიტალში შეტანის შემდეგ არ მოხდა გრძელვადიან ფინანსურ აქტივებად (აქციები და სხვა კაპიტალი) ასახვა. შედეგად, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში გრძელვადიანი ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების ნაშთი 196,801,748 ლარით არის შემცირებული.
2016 წელს ქონების ეროვნულ სააგენტოს საწარმოთა კაპიტალიდან ამოღებული აქვს 1,554,233 ლარის ოდენობის ქონება.
აღნიშნული ოპერაციები სააგენტოს ბუღალტრულ ჩანაწერებში და შესაბამისად ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული არ არის. გარდა ამისა, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ სრული ინფორმაცია ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლამდე საწარმოთა კაპიტალში განხორციელებული შენატანებისა და კაპიტალიდან ამოღებული ქონების შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღეთ რწმუნება 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში 232,410,666 ლარის ღირებულების გრძელვადიანი ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების ნაშთის სისრულეზე,“-ნათქვამია ანგარიშში.