"იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ დაგვიანებით შევიდა ბაღებში პროდუქტი, თუმცა ახლა ვითარება გამოსწორებულია"

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ადასტურებს, რომ საწყის ეტაპზე ბაღებში პროდუქტების მიწოდების მხრივ პრობლემები იყო.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გვანცელაძემ აღნიშნა, იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ დაგვიანებით შევიდა ბაღებში პროდუქტი, თუმცა ახლა ვითარება გამოსწორებულია და მსგავსი ხარვეზები მინიმუმამდეა დაყვანილი. მისივე თქმით, მონიტორინგის სამსახური მუშაობს, რათა კომპანიამ, რომელსაც პროდუქტების მიწოდებაზე კონტრაქტი აქვს გაფორმებული, პირობები ზედმიწევნით დაიცვას.

„მენეჯმენტის გარკვეული პრობლემები არსებობდა კონტრაქტის გაფორმებიდან, საწყის პერიოდში. მდგომარეობა ახლა გამოსწორებულია. ჩვენი მონიტორინგის სამსახური პერმანენტულად მუშაობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ არც ერთი გადაცდომა და ხარვეზი. რეაგირებას არ ვაყოვნებთ და ამას ალბათ მშობლებიც გრძნობენ. ძალიან მინიმალური შემთხვევებია ახლა დაგვიანების კუთხით“, - განაცხადა გვანცელაძემ.