ბაგა-ბაღებში კვების საკითხის განხილვა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ კამათის ფონზე მიმდინარეობდა.
გადაცემის სტუმრებმა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ იკამათეს. კამათი ნადირაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ გვანცელაძემ საკუთარი განცხადება უარყო, რომელიც აქამდე, საბავშვო ბაღებში არსებული საკვების კალორაჟის ჯანმრთელობისთვის საზიანოობას ეხებოდა.
„მან თქვა, რომ ფაქტობრივად, სამი წლის განმავლობაში რა საკვებსაც აძლევდა „ქართული ოცნება“ და დავით ნარმანია ბავშვებს, ეს დაავადებების გამომწვევი იყო და მათ შორის დიაბეტს, სიმსუქნეს იწვევდა. ეს არის სკანდალური განაცხადება. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ამაზე დაიწყებოდა მოკვლევა და გამოძიება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ საკითხის შესასწავლად პროკურატურაში განცხადება შევიტანოთ“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თავის მხრივ საკრებულოს დეპუტატს და ასევე ყველა პოლიტიკოსს, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა სთხოვა, ნუ სპეკულირებენ ამ თემით. „თემა ეხება ბავშვებს და ამით პოლიტიკური ქულების დაწერა, მიზანშეუწონელია, მსუბუქად რომ ვთქვათ. მენიუს და კალორაჟს არ ადგენენ პოლიტიკოსები. ამ კუთხით მუშაობენ ექსპერტები, ნუტრიციოლოგები და სიღრმისეული მსჯელობისთვის საჭიროა მათ დავუსვათ კითხვები, რატომ იყო სხვა კალორია ადრე და ახლა არის სხვა“, - აღნიშნა გვანცელაძემ.
ამის პასუხად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა განაცხადა, რომ სპეკულაციებზე შენიშვნას ვერ მიიღებს იმ სამსახურის ხელმძღვანელისგან, „რომლის დაქვემდებარებული ბაღებიც პოლიტიზირებულია და ბაღის აღმზრდელებს, წინასაარჩევნოდ ბავშვების მოვლის ნაცვლად, წინასაარჩევნო შეხვედრებზე დაატარებდნენ“. ამასთან, საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ ემეტებათ თანხები ბავშვებისა და სოციალურად დაუცვლეებისთვის და მათ ხარჯზე უნდათ სახსრების დაზოგვა.