ბრიტანული კვლევითი ინსტიტუტის, Centre for Cities-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2030 წლისთვის დიდ ბრიტანეთში ყოველ მეხუთე სამუშაო ადგილზე რობოტები დასაქმდებიან.
გამოცემა The Sun-ი წერს, რომ ამის შედეგად ყველაზე მეტად ინგლისის ჩრდილოეთის მაცხოვრებლები დაზარალდებიან.
ავტომატიზაცია უფრო მეტად დაემუქრება ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ დამკვეთებთან და კლიენტებთან, მაღაზიების თანამშრომლებსა და საწყობებში მომუშავეებს. თუმცა, ავტომატიზაციისა და რობოტიზაციის პირობებში შეიქმნება ახალი პროფესიები, რომელზეც ადამიანებს ჯერ წარმოდგენაც კი არ აქვთ. კვლევაში წერია, რომ მოქმედი პროფესიების 10% იქნება კიდევ უფრო მოთხოვნადი სწორედ რობოტიზაციის გამო.
კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს განათლების ძირეული რეფორმა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ აუცილებელი უნარები, მოახდინონ ადაპტირება ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ასევე მნიშვნელოვანი იქნება გადამზადების პროგრამები ზრდასრული ადამიანებისთვის, რათა ისინი არ აღმოჩნდნენ არაკონკურენტუნარიანები, - წერს BBC.
თუ დიდ ბრიტანეთში 2030 წლისთვის, რობოტიზაციის შედეგად სამუშაო ადგილების 21% რობოტების სასარგებლოდ დაიკარგება, ლონდონში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 16% იქნება. ქვეყნის მასშტაბით ამ თვალსაზრისით კი ყველაზე „უსაფრთხო“ ქალაქები იქნებიან ოქსფორდი და კემბრიჯი (13%-ით), შემდეგ მოდის რედინგი (15%). ყველაზე ცუდ დღეში კი აღმოჩნდებიან მანსფილდის, სანდერლენდისა და უეიკფილდის მაცხოვრებლები, სადაც ეს მაჩვენებელი 25%-ზე მაღალი იქნება.
კოკა კვირკველია