ირმა ნადირაშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაცემულ ხელფასებზე ინფორმაციას ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობა" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2013 წლის დეკემბერში აღებული ხელფასების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, ინფორმაცია თავად დეპარტამენტიდან მიაწოდეს. წყაროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ნადირაშვილმა მისი დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა დასძინა, რომ ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელია.

”ნაციონალური მოძრაობაში” ამბობენ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის დეკემბერში გაცემული ხელფასები დაუჯერებლად მაღალია.

”დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირებია: გახარია გოგი, რომელმაც დეკემბერში აიღო 39, 130 ლარი, "რუსთავი 2"-ის დაცვის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ბუნტურიძე – 38, 390 ლარი, მაჩაიძე სიმონი – 38, 733 ლარი, ტორაძე შალვა – 31 263, თუთარაშვილი შოთა – 30,386, ელიზბარაშვილი გიორგი – 29, 307, ალსანიშვილი ზურაბი – 28 330, კოტეტიშვილი ვახტანგი – 23 494, ტრაპაიძე შოთა – 23 270, დიდიძე ზურაბი – 21 202, ჩელებაძე მამუკა – 21 505, როდონაია ლაშა – 20 703, ცქვიტინიძე ტარიელ – 20 358, ახვლედიანი თენგიზ – 19 018, დოთიაშვილი დავითი – 18 845, გულბიანი გიორგი 18 692, კიკალიშვილი ილია – 18 525, ვერულაშვილი ნესტანი 18 251, დარბაისელი დიმიტრი – დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლავთ 18 – 222 ლარი. ყველაზე ნაკლები ხელფასი დეკემბრის თვეში გაიცა 10 504 ლარის ოდენობით", - განაცხადა ნადირაშვილმა.

”მინდა გამოვთქვა ჩემი ეჭვი – ეს ხელფასები გაცემულია 20 დეკემბერს. შეგახსნებთ, რომ 17 დეკემბერს "ბოტასების" ქურდმა ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი გაიყვანა საკნიდან. მე მაინტერესებს, ხომ არ არის ნაყიდი ამ ხელფასებით ამ თანამშრომლების დუმილი?", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.