დაშავებულთა სამედიცინო ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია გაიღებს , - ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკასთან ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელმაც კლინიკაში დაშავებული 4 პაციენტი მოინახულა.
„მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო თითოეულ მათგანს - მალე გამოჯანმრთელდნენ. გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, დაშავებულთა შორის არასრულწლოვნები არ არიან. რაც შეეხება თავად დაშავებულთა რაოდენობას, 14-მდე გაიზარდა.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. მეტროსადგურ "ვარკეთილს" რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. კერძოდ, "ვარკეთილის" სადგურის სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.