"ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მეტრო „ვარკეთილში“ მომხდარის მიზეზები დადგინდეს"

ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

„მოგეხსენებათ, დღეს მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩამოინგრა დაკიდული ჭერის კონსტრუქცია, რის გამოც დაშავდა 14 ადამიანი. ამჟამად ექიმები მათ უწევენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას, რის ხარჯებსაც თავისთავზე აიღებს თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მეტროსადგური ახლადრეაბილიტირებული იყო და სახეზე გვაქვს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უპასუხისმგებლობა.

„აღნიშნული სამუშაოები შეასრულა კომპანია „ყვარელრემმშენმა“ და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 347 852 ლარს. სამუშაოები დაიწყო 2016 წელს და დასრულდა 2017 წლის აგვისტოში. განახლებული მეტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა სექტემბრიდან და რამდენიმე თვეში მივიღეთ ეს შედეგი. ჩვენ გვაქვს კითხვები, რომლებსაც დროულად უნდა გაეცეს პასუხი. როგორც ვიცი, გამოძიება უკვე დაიწყო შესაბამისმა სამსახურებმა და არ მინდა ხმამაღალი დასკვნების გაკეთება, რომ არ შევიჭრა უწყებების კომპეტენციაში, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. ვერ და არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს, ვისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგადაც თუნდაც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ან სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში - ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს. სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება და უკვე იჩენს თავს. ძალიან ბევრი საქმეა წინ. შემოწმება, მონიტორინგი უკვე როგორც არსებულის და ზოგადად, გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ განსაკუთარებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხს. განსაკუთარებული ყურადღება იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და ახალი აშენებული შენობა-ნაგებობების ხარისხზე იქნება დიდი ყურადღება გამახვილებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.