ცხოველთა დასაცავად შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს - რა სანქციები ელით ცხოველთა უფლებების დამრღვევებს

„ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა პარლამენტში უკვე წარადგინეს.

როგორც პროექტშია აღნიშნული, კანონი ცხოველთა სამართლებრივ სტატუსს, მათი მოვლა-პატრონობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პირობებს განსაზღვრავს.

საკანონმდებლო წინადადების ფარგლებში ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, ცხოველის ყოლის წესის დარღვევა და მისთვის არაკეთილსაიმედო საარსებო პირობების შექმნა პირის 200 ლარით, ხოლო ძაღლის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საბლის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება პირის 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ასევე 200-200 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული - ცხოველის ჯილდოს სახით გადაცემის, მათი ტრანსპორტირების წესებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელი მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე.

ამასთან, ცხოველთა მოკვდინების წესების დაღვევის გამო პირი 1000 ლარით დაჯარიმდება, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობების დარღვევაზე კი ჯარიმა 200 ლარი იქნება. ჯამში სხვადასხვა დარღვევებზე ჯარიმები 50 ლარიდან 1000 ლარის ფარგლებშია.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებიც ცხოველების კომერციულ მოშენებასა და მათ პერმანენტულ რეალიზაციას ეწევიან, ვალდებულნი იქნებიან ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირად დარეგისტრირდნენ.