დოლარი ოდნავ გამყარდა

ფედრეზერვის მორიგი სხდომის და შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსვლის მოლოდინში, ამერიკული დოლარის ინდექსმა კლება შეწყვიტა და ოდნავ გაიზარდა.

დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებით დოლარის საშუალო კურსს გამოსახავს, 0.29 პროცენტით, 89.43-მდე გაიზარდა. შედეგად, ინდექსმა წინა კვირის მინიმუმისგან (88.25 – 2014 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი) დაშორება დაიწყო.

შეერთებული შტატების ხაზინის მომგებიანობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებამ გააძლიერა იმის მოლოდინი, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკები, მალე მონეტარული სტიმულირების პროგრამების მოცულობის შეკვეცას დაიწყებენ.

დონალდ ტრამპს დღეს აქვს გამოსვლა, რა დროსაც ის შესაძლოა, კვლავ შეეხოს დოლარის კურსის საკითხს. ეს კი საფინანსო ბაზარს ყველაზე მეტად აინტერესებს. ტრამპმა ასევე შესაძლოა, ისაუბროს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რასაც ბაზარი ასევე დიდი ინტერესით ელოდება.

დავოსში ხაზინის მდივან სტივენ მნუჩინის გამოსვლის შემდეგ, რა დროსაც მან განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკას სუსტი დოლარი აძლიერებს, ამერიკულმა ვალუტამ კლება განაახლა. მოგვიანებით, დავოსშივე ტრამპმა საპირისპირო განაცხადა და ისიც დაამატა, რომ მნუჩინის ნათქვამი არასწორად იყო ინტერპრეტირებული. ტრამპი მყარი დოლარის მოსურნეა.

რაც შეეხება ფედრეზერვს, მისი სხდომა, რომელიც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას ეძღვნება, დღეს იწყება და ორი დღე გაგრძელდება. სხდომის გადაწყვეტილება 31 იანვრის ღამით გამოქვეყნდება. მომდევნო დღეს კი აშშ-ის შრომის ბაზრის მონაცემებს შევიტყობთ.

ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციების მოლოდინში, დოლარი ევროსთან წყვილში 0.32 პროცენტით გამყარდა. ევროს ფასი, წინა კვირაში დაფიქსირებული პიკიდან (1.2537 დოლარი), 1.2333-მდე შემცირდა. საპირისპირო მოძრაობა დაფიქსირდა იაპონურ იენთან წყვილში. აქ ამერიკული ვალუტა 108.52 იენამდე შემცირდა. სამაგიეროდ, სტერლინგთან წყვილშიც, ევროს მსგავსად, გამყარება დაფიქსირდა. აქ წინ კვირის პიკიდან (1.4345) სტერლინგის ფასი 1.3978 დოლარამდე დაეცა, თუმცა შემდეგ პოზიციები აღიდგინა და 1.4100-ს ასცდა.