1,3 მლრდ ლარი 306 სსიპ-ისთვის - ეკონომისტები სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის გამჭვირვალობას ითხოვენ

სსიპ-ების ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად მატულობს.

მათი დიდი ნაწილი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შესაბამისად, წლიდან წლამდე იზრდება ამ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხოვნობაც და ბიუჯეტის ხარჯიც. სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, თვითმმართველობებშიც იქმნება, თუმცა მათ სახელმწიფო ბიუჯეტთან შეხება არ აქვთ.

საქართველოს პარლამენტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებული იყო ასიგნებების გამოყოფა 306 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ისათვის. მთლიანობაში მათი შემოსულობები დაგეგმილი იყო 2 190 000 000 ლარის ოდენობით, საიდანაც 1 312 200 000 ლარი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრებია, ხოლო დანარჩენი - 877 800 000 ლარი - სსიპ-სა და ა(ა)იპ-ისათვის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფინანსების შესახებ ზუსტი მონაცემები 20 მარტს იქნება ცნობილი.“

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი - ლაშა სენაშვილი ამბობს, ამ ორგანიზაციების რაოდენობა 2012-2017 წლებში ლამის გაორმაგებულია:

-ჩვენ საგანგებოდ შევისწავლეთ სსიპ-ებისა და ა(ა) იპ-ების საქმიანობა ბოლო წლებში, თუმცა ამ კვლევის შედეგები მხოლოდ ჩვენს მიერ შერჩეულ სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მონაცემებს ეყრდნობა: 2012 წლის მონაცემებით, 40 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში იყო 8 770 თანამშრომელი, 2017 წელს კი, მათი რიცხვი 74-მდე გაიზარდა და დღეს ამ ორგანიზაციებში 12 652 ადამიანია დასაქმებული, შესაბამისად, სახელფასო ფონდიც გაზრდილია. 2012-2017 წლებში გაიზარდა როგორც საშტატო, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების რაოდენობაც. სამწუხაროდ, არ არსებობს ერთიანი ბაზა, სადაც საქართველოში მოქმედი სსიპ-ების და ა(ა)-იპ-ების ზუსტი რაოდენობის და მონაცემების ნახვა შეიძლება. ჩვენ მივწერეთ სამინისტროებს და თვითმმართელ ერთეულებს მათ დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინათ, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ შევძელით. ასეთი ინფორმაცია არცერთმა უწყებამ არ მოგვაწოდა.“

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ანალიტიკოსი ამბობს, საკმაოდ მაღალია ახალდაფუძნებული სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების რიცხვიც:

ლაშა სენაშვილი

- სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების რიცხვი 2012-2017 წლებში ლამის გაორმაგებულია. ასევე გაზრდილია იმ დანამატებისა თუ პრემიების რაოდენობა, რომელიც ამ სექტორში გაიცემა. მართალია, ზოგიერთ სსიპ-ს თავისი ბიუჯეტი აქვს, თუმცა მათ უმრავლესობას სახელმწიფო ბიუჯეტი და სამინისტროები აფინანსებენ. ამ ფონზე ჩნდება კითხვა - რა საჭიროა ამდენი სსიპ-ი და ა(ა)იპ-ი საქართველოში, ან რამდენად გონივრულია ამდენი თანამშრომლის ბიუჯეტიდან დაფინანსება?

სჭირდება თუ არა საქართველოს ამდენი სსიპ-ი და აიპ-ი? - ამ შეკითხვით ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძეს მივმართეთ:

-ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი გაიზარდა და გაჩნდა საშუალება, რომ ფინანსები სხვადასხვა მიმართულებით წავიდეს. გავიხსენოთ 1990-იანი წლები, როცა თანამდებობის პირებიც კი, თვეების განმავლობაში ვერ იღებდნენ საკუთარ ხელფასს. დღეს ხელფასს ამდენი ხნით არავინ დაგიგვიანებთ, თანაც, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების არსებობას მართვის თანამედროვე სტანდარტებიც მოითხოვს. ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის ამ ტიპის ორგანიზაციების არსებობა საჭირო და აუცილებელი გახდა. მართალია, ზოგიერთი ასეთი ორგანიზაცია თავის დანიშნულებას არ ამართლებს, მაგრამ მათ მიმართ ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო, რომ ნაბან წყალს ბავშვიც არ გადავაყოლოთ. ზოგიერთები ამბობენ - ფული, რომელიც ამ ორგანიზაციებზე იხარჯება, სოციალურ დახმარებებზე მივმართოთ და გაჭირვებულ ოჯახებს დავეხმაროთო. მე კითხვას ასე დავსვამდი - სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში მხოლოდ დალხინებული ხალხია დასაქმებული? მათი შემცირებით კიდევ უფრო ხომ არ მოიმატებს გაჭირვებული ოჯახების რაოდენობა საქართველოში?

სოსო არჩვაძის აზრით, სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები ქვეყანაში საჭიროა, თუმცა მათი რაოდენობა უკონტროლოდ არ უნდა იზრდებოდეს:

-ზოგიერთი ასეთი ორგანიზაცია კარგ საქმეს აკეთებს, თუმცა, ზოგიერთის არსებობა უამრავ ეჭვს და შეკითხვას აჩენს. ამიტომ, მათი რაოდენობის უკონტროლო ზრდა არ შეიძლება. კარგი იქნება, თუ ამ ტიპის ორგანიზაციები ბიუჯეტზე ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული - ამ გზით ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება. კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხო - ზოგჯერ რომელიმე სსიპ-ი, ან ორგანიზაცია სულ სხვა უწყების ფუნქციებს ითავსებს. თუ საკრებულოს რომელიღაც ფუნქციას სსიპ-ი ასრულებს, მაშინ საკრებულო რაღას აკეთებს? ხშირ შემთხვევაში ეს აღრევა პირადული კავშირებისა და არაფორმალური ურთიერთობების დამსახურებაა, ამიტომ, მეც ვიზიარებ ჩემი კოლეგების მოსაზრებას, რომ სს-იპ-ებისა და ა(ა)იპ-ების საქმიანობა საქართველოში უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს“ - აღნიშნა სოსო არჩვაძემ ჩვენთან საუბრისას.

ხათუნა ჩიგოგიძე