კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს ახალი რეგულაციების შემუშავება დაავალა, რომლითაც სამუშაოების ხარისხის კონტროლი უფრო ეფექტური გახდება

დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული მუნიციპალური სამუშაოების ხარისხის კონტროლს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, უკვე მუშავდება რეგულაციები, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი უფრო ეფექტური გახდება.

"მუნიციპალური პროექტების ხარისხის თემა მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხია. დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს. ამის ნათელი მაგალითია, როგორც გუშინ, „ვარკეთილის“ მეტროში მომხარი შემთხვევა, ასევე ის კონკრეტული პროექტები, რომლებიც შევისწავლეთ. მაგალითად, მუხიანის სპორტული კომპლექსი, ბაღები და ა.შ. ცხადია, ამ მიმართულებით ცვლილებები გვჭირდება. ამ მიმართულებით სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა, უბრალოდ მინდა გთხოვოთ, დავაჩქაროთ და 10 დღეში - 2 კვირაში უკვე წარმოადგინოთ სურათი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი და კონტროლი ეფექტური გახდეს. ჩვენ გვჭირდება მოდელი და სისტემა, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი მოხდება უმაღლეს დონეზე, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის გზით. მას შემდეგ, რაც მოხდება მისი მიღება, კითხვის ნიშნები აღარ გაჩნდება და მომავალში დაზღვეულები ვიქნებით ისეთი შემთხვევებისგან, რაც გუშინ მივიღეთ,"- განაცხადა კალაძემ.

კალაძე „ვარკეთილის“ მეტროში მომხდარ შემთხვევასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

"ბოლო მონაცემებით, გუშინ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი განაგრძობენ მკურნალობას. ყველა მათგანი უკეთ გრძნობს თავს. მინდა ძალიან მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო თითეულ მათგანს. მიხარული ვარ, რომ დღეს გაცილებით მძიმე შედეგებზე არ გვიწევს საუბარი, თუმცა ფაქტი სამწუხაროა და თითოეული ჩვენთაგანი ველოდებით გამოძიების შედეგებს. მეტროსადგურის მუშაობას რაც შეეხება, დღეს, დილის 06:00 საათიდან ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და ემსახურება მოსახლეობას,"- განაცხადა კალაძემ.