კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის კოლეგიამ აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით 135 საქმის განხილვა დაასრულა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა განუცხადა, მოსამართლეები საქმეებს სწრაფად განიხილავენ. ამასთან, მისივე თქმით, კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციას ამავე პერიოდში 100-მდე ახალი საქმე დაემატა.
„თავდაპირველად ხუთივე მოსამართლეს 250 საქმის განხილვა დაეწერათ. შემდგომ 4 თვის განმავლობაში დაემატათ დაახლოებით 100 საქმე. ანუ მთლიანად ამ 4 თვის განმავლობაში მათ ჰქონდათ 350 საქმე განსახილველი, საიდანაც დარჩა მხოლოდ 164 საქმე. 186 საქმიდან 51 ეხებოდა გაკოტრებას, რომელიც სხვა პრინციპით და რეჟიმით განიხილება. შედეგად, გამოდის, რომ აგვისტო-დეკემბერში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის 5-მა მოსამართლემ 135 საქმის განხილვა დაასრულეს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სერგო მეთოფიშვილმა.
როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების განმხილველი სპეციალური მიმართულება 2017 წლის 1-ელ აგვისტოს შეიქმნა. ვიწრო სპეციალიზაცია 500 ათას ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს განიხილავს. თავდაპირველად კოლეგია ოთხი მოსამართლით დაკომპლექტდა - თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, სოსო ღურწკაია. როგორც მეთოფიშვილი აცხადებს, მოგვიანებით კოლეგიას მეხუთე მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი დაემატა.