მსოფლიო ავტოინდუსტრიას გაყიდვების ახალი ლიდერი ჰყავს - „რენო-ნისანის“ ალიანსმა, რომელშიც „მიცუბიშიც“ შედის, ჯამში დაახლოებით 10.61 მილიონი ავტომობილი გაყიდა და უკან ჩამოიტოვა „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი , რომელშიც მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი რვა ბრენდია გაერთიანებული.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუსის“ ინფორმაციით, ალიანსის წევრი კომპანიებიდან ყველაზე მეტი, 5.82 მილიონი ავტომობილი „ნისანს“ აქვს გაყიდული. „რენოს“ ანგარიშზე 3.76 მილიონი ავტომობილია. „მიცუბიშიმ“ კი 1.03 მილიონი გაყიდა. ალიანსი არ მალავს, რომ მსოფლიო ლიდერობის მოპოვების შემდეგ, მისი მიზანი, წელიწადში 14 მილიონი ავტომობილის გაყიდვაა.
ალიანსი იმედოვნებს, რომ წარმოების მოცულობის გაზრდით და უნიფიცირებული პლატფორმების გამოყენებით, 2022 წლისთვის საწარმოო დანახარჯებს დაახლოებით გაანახევრებს, რაც თითქმის 10 მილიარდი ევროს ტოლფასი იქნება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის ლიდერი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი უნდა გამხდარიყო, რომელსაც პროგნოზის შესაბამისად, 10.7 მილიონი ავტომობილი უნდა გაეყიდა. მაგრამ, „ავტომოტივ ნიუსის“ მონაცემებით, ვოლფსბურგელთა საბოლოო მაჩვენებელი „მხოლოდ“ 10.53 მილიონია. მესამე ადგილზე „ტოიოტა“ დარჩა, რომელსაც 10.2 მილიონი ავტომობილი აქვს გაყიდული.
„მიცუბიში“ ფრანგულ-იაპონური ალიანსის წევრი 2016 წელს გახდა, როცა მისი აქციების საკონტროლო პაკეტს „ნისანი“ დაეუფლა, რომელსაც ასევე „დაცუნი“ და პრემიუმ მწარმოებელი „ინფინიტი“ ეკუთვნის. ალიანსში შემავალი კომპანიები, საკუთარი ავტომობილების საერთო პლატფორმებზე აგებას, შესყიდვების პროცესის გაერთიანებას, საერთო მაკომპლექტებლების და ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავენ, რაც მათ დანახარჯებს და ახალი მოდელების ბაზარზე გამოშვების დროს შეამცირებს.