თბილისის მერია მოქალაქეებისთვის ბინების დაქირავებაში ყოველწლიურად 6 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს , - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა დედაქალაქის საბინაო პოლიტიკის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
ილია ელოშვილის თქმით, პრობლემა სისტემურად უნდა მოგვარდეს.
„მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, ეს არის უდიდესი პრობლემა, რომლის მოგვარებაც კონკრეტული შემთხვევების მიხედვით ხდებოდა. ეს არის არასწორი და უნდა მოხდეს ერთიანი მიდგომების შემუშავება. დაახლოებით 3 ათას ოჯახზეა საუბარი. არის ასევე ავარიული სახლების პრობლემაც. როგორც ერთჯერადად საკითხის მოგვარების, ასევე დროში განგრძობილი პროექტების საკითხი დგას დღის წესრიგში. ვინაიდან 6 მილიონ ლარამდე ხარჯავს მერია ქირებში ყოველწლიურად. ამის მოგვარება უნდა მოხდეს სისტემურად“, - განაცხადა ელოშვილმა.