"არაოპერატიულ მანქანებზე მერიის პარკირების სპეციალური საშვების გაკვრის ფაქტები გამოვლინდა"

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, არაოპერატიულ მანქანებზე მერიის პარკირების სპეციალური საშვების გაკვრის ფაქტები გამოვლინდა.

ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა, რომ საშვების გამოყენება მოხდა არასამსახურებრივი საჭიროებისთვის. დაფიქსირებულია რამდენიმე შემთხვევა. მგონი, მერიის თანამშრომლების მიერ არ მომხდარა გამოყენება. საშვები გადაეცემა სპეციალურ მანქანებს, რომლებიც ოპერატიული რეჟიმით გადაადგილდებიან და იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც საშვები გამოყენებული იყო არაოპერატიულ მანქანებზე“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში პარკირების სპეციალური საშვების გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა, რის გამოც მან მოადგილეებს, სამსახურების უფროსებს და თანამშრომლებს მოუწოდა, საშვები არ გადასცენ ოჯახის წევრებსა და სხვა პირებს.

„ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები. ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ვემსახურებით ქალაქს და არაფრით არ განვსხვავდებით რიგითი მოქალაქეებისგან“, - განაცხადა კალაძემ.