პოლონეთის პრეზიდენტმა კვირაობით მაღაზიების მუშაობა აკრძალა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ კვირაობით მაღაზიების მუშაობა აკრძალა. ამის შესახებ სააგენტო PAP იუწყება. მისი ინფორმაციით, მიღებული კანონი მიმართულია იმისკენ, რომ ვაჭრობის სფეროში დასაქმებულებმა კვირა ოჯახებთან ერთად გაატარონ.

კანონის თანახმად, გამონაკლისები შესაძლოა დაიშვას ინტერნეტ-მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართ სადგურებზე გახსნილი მაღაზიების და პურის საცხობებისთვის, სადაც პროდუქციის რეალიზაცია გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, შობის დღესასწაულის წინა დღეს და ვნების კვირეულის შაბათს ვაჭრობა მხოლოდ 14:00 საათამდე იქნება ნებადართული.

კანონის აღსრულება ეტაპობრივად დაიწყება. კერძოდ, მიმდინარე წელს აკრძალვა თვის მხოლოდ ორ კვირაზე, შემდეგ წელს კი სამ კვირაზე გავრცელდება. 2020 წლისთვის კვირაობით ვაჭრობა საერთოდ აკრძალული იქნება.