„დეტალურად შემოწმდება პროექტი, რის მიხედვითაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა“, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, „ვარკეთილის“ პროექტი კომპანია „გეომეფმა“ შეადგინა.
„სადგურ „ვარკეთილის“ გარდა, ამ კომპანიას კიდევ 6 მეტროსადგურის პროექტი აქვს შედგენილი. ჩვენ მაშინვე გავაჩერებინეთ სამუშაოები, რადგან გვინდა ყველა ეს პროექტი შევამოწმოთ,“-აღნიშნა კალაძემ.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელი მეტროსადგურების პროექტი აქვს „გეომეფს“ შედგენილი, რომელთა შემოწმებას მერია გეგმავს.
როგორც აღმოჩნდა, სწორედ შპს „გეომეფის“ მიერ იყო მომზადებული სადგურ „ახმეტელის თეატრის“ სარეაბილიტაციო დაგეგმარების პროექტიც. უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები კი კომპანია „დამბამ“ განახორციელა და ხელშეკრულების ღირებულება 523 214 ლარი იყო.
ასევე „გეომეფმა“ გაიმარჯვა „გურამიშვილის“ კაპიტალური რემონტის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში. კომპანიასთან ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 50 000 ლარია, 2017 წლის თებერვალში გაფორმდა. ცნობისთვის, მეტროსადგურის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა.
„გეომეფის“ მიერ შედგენილი პროექტის თანახმად მიმდინარეობს „ავლაბრის“ სადგურის რეაბილიტაციაც. მეტროსადგურის სარემონტო სამუშაოებს სს „კიევმეტრომშენის წარმომადგენლობა“ ახორციელებს და ხელშეკრულების ღირებულება 579 754 ლარია.
ამასთან, „გეომეფის“ მიერ არის შესრულებული „სამგორის“ მეტროსადგურის სარემონტო სამუშაოებიც, რომელიც მიმდინარეობს. კერძოდ, „სამგორის“ სამუშაოების საპროექტო მომსახურებაზე „გეომეფთან“ხელშეკრულება 2017 წლის იანვარში გაფორმდა და მისი ღირებულება 59 999 ლარი იყო.
ამასთან, კომპანია „გეომეფი“ ფიგურირებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ კიდევ ერთ ტენდერში. საუბარია, 2015 წლის 30 იანვარს მეტროსადგურების: ,,ავლაბრის“, ,,ვაგზლის მოედანი-1-ის“, ,,ვარკეთილის“, ,,თავისუფლების მოედნის“, ,,მარჯანიშვილისა“ და ,,ახმეტელის თეატრის“ სარეაბილიტაციო-საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად გამოცხადებულ ტენდერზე. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მარტში „გეომეფთან“ ხელშეკრულებაც გაფორმდა და მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 169 490 ლარი იყო.
თუმცა, მოგვიანებით, ამათგან ზოგიერთ მეტროსადგურზე 2016 წელს კიდევ გამოცხადდა ტენდერი, რომლის პროექტიც უკვე სხვა კომპანიებს აქვს შესრულებული. კერძოდ, სატრანსპორტო კომპანიამ 2016 წლის სექტემბერში მეტროსადგურ „მარჯანიშვილი - 2“-ის გადახურვის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოაცხადა ტენდერი. შედეგად კი, 2016 წლის ნოემბერში ხელშეკრულება შპს „მდგრადობის ექსპერტს“ გაუფორმდა.
რაც შეეხება კომპანია „გეომეფის“ შესახებ არსებულ სხვა ინფორმაციას, ტენდერების მონიტორის მონაცემებით, კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული ჯამში 217 ტენდერში, რომელთაგან 44%-ში გამარჯვებულად გამოვლინდა, 44% კი წააგო.