მცირე ბიზნესს ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვს გარკვეულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე, ვიდრე ეს შეიძლება ჰქონდეს მსხვილ ბიზნესს , - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა იქნება მისი სავიზიტო ბარათი, როგორც ბიზნესომბუდსმენის.
რაც შეეხება დღეს „საქართველოს ბიზნესასოციაციასთან“ გამართულ შეხვედრას, ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ის ძალიან სასარგებლო იყო.
„წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო კვლევის შედეგები, რომელიც ეყრდნობოდა საქართველოში მოქმედი ძირითადი ბიზნესის მიერ აღქმულ მოვლენებს, რაც ძალიან კარგად აჩვენებს იმ მიღწევებს, რომლებიც ბოლო პერიოდში იყო ქვეყანაში და ასევე იმ პრობლემურ თუ ხარვეზულ ნაწილებს, სადაც მუშაობის გაძლიერებაა საჭირო. გამოკვეთილი იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი და ჩემთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში ჩვენ უფრო მეტ სიღრმეებში შევიდეთ. საუბარი იყო იგივე სასამართლოს, ბიუროკრატიის მიმართულებით გარკვეულ ხარვეზებზე და ასევე ზოგიერთ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ დეტალურად შევალთ ამ კვლევის განხილვის ნაწილში“, - განაცხადა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, სასამართლოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ორი საკითხია, პირველი შეეხება გაჭიანურებულ დავებს, ხოლო მეორე საკითხი ბიზნესდავების განხილვის გამოცდილებასა და პრაქტიკას უკავშირდება.
„ბიზნესს ამ მიმართულებით აქვს მოსაზრებები, გარკვეული ნაბიჯებია გადადგმული თვითონ იუსტიციის საბჭოს მხრიდან და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით იქნება ჩვენი ჩართულობა უფრო მეტად გააქტიურებული, რომ ეს პრობლემატიკა იყოს ნაკლებად მწვავედ აღსაქმელი“, - განაცხადა ლექვინძემ.
ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ის ბიზნესსექტორთან აქტიურ შეხვედრებს 2 თებერვლიდან იწყებს.
„საკითხები, რომლებიც იკვეთება, არის სასამართლოსთან და მცირე ბიზნესთან დაკავშირებული, რომელსაც ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვს გარკვეულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე, ვიდრე შეიძლება ეს ჰქონდეს მსხვილ ბიზნესს. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ამ კუთხით მეტი კოორდინაცია განვახორციელოთ, გავაუმჯობესოთ და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს კარგი ისტორია და მემკვიდრეობა, რეალურად იყოს ის ცენტრალური რგოლი, რომელიც ამ ინფორმაციის გატარებაში იქნება ეფექტური“, - განაცხადა ლექვინაძემ.