კომპანია "ყვარელრემმშენმა" ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სკოლის დირექტორმა მაგამედ ალიევმა განუცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ “ყვარელრემმშენმა“ სკოლის გვერდით, საქვაბის აშენების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა, რის გამოც დაჯარიმდა.
“ტენდერში გაიმარჯვა ამ კომპანიამ, მაგრამ არაფერი გააკეთა. კომპანია ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2000 ლარამდე თანხით დაჯარიმდა, მაგრამ ეს თანხა არ ჩაგვირიცხეს. შემდეგ ჩვენ სასამართლოში ვუჩივლეთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს“, - განაცხადა მაგამედ ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ ეს ის კომპანიაა, რომელმაც „ვარკეთილის“ მეტროში სამუშაოები ჩაატარა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის წინ დასრულდა და ის შპს „ყვარელრემმშენმა“ 347 852 ლარად განახორციელა.