2017 წელს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, გეგმიური და არაგეგმიური რევიზია ჯამში 13 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა. მათ შორის არაგეგმიური რევიზია მხოლოდ ერთ დაწესებულებაში განხორციელდა.სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ანგარიშის თანახმად, რევიზიის შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებს 966 199.85 ლარის ოდენობის ფინანსური სანქცია დაეკისრათ.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წლის განმავლობაში ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის 883 ღონისძიება განხორციელდა. აქედან, 821 შემთხვევაში კი სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მიხედვით, კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 298 093.5 ერთეული სამკურნალო საშუალება კონფისკაციას დაექვემდებარა.
„კონტროლის ღონისძიებების შედეგად ჩამორთმეული იქნა და კონფისკაციას დაექვემდებარა 298 093.5 ერთეული სამკურნალო საშუალება. მათ შორის 134 286,5 ერთეული იყო პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი. კერძოდ, ესენია : 131 043 ერთეული აღრიცხვის/სერიული აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევით არსებული, 101 ერთეული საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, 364 ერთეული - შენახვის პირობების დარღვევით არსებული, 2774,5 ერთეული - ვადაგასული/გაუვარგისებულიდა 4 ერთეული იმპორტის წესის დარღვევით არსებული სამკურნალო საშუალება. კონფისკაციას დაექვემდებარა, ასევე, 163 807 ერთეული ვადაგასული/საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არქმონე/სერიული აღრიცხვის წესის დარღვევით/შენახვის პირობების დარღვევით არსებული II და III ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი,“-ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისთვის, პირველ ჯგუფს განეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი, აგრეთვე ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალება; მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან/და რომლის მიღებაც არ არის შესაძლებელი მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე, და რომელიც გაიცემა რეცეპტით; ხოლო მესამე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის მიღებაც, ინსტრუქციის შესაბამისად, შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე და რომელიც გაიცემა ურეცეპტოდ.