მაია ნიკოლეიშვილი „ყვარელრემმშენის“ მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე - უფრო ნაკლები თანხა დაიხარჯა, ვიდრე გაწერილი იყო

კომპანია „რეალექსპერტის“ ადმინისტრაციული დირექტორი მაია ნიკოლეიშვილი მეტრო „ვარკეთილის“ ინსპექტირების შედეგებზე საუბრობს.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ნიკოლეიშვილმა განაცხადა, კომპანია „რეალექსპერტს“ დამკვეთმა „ყვარელრემმშენმა“ მიმართა. „რეალექსპერტი“ ორი მიმართულებით მუშაობს - სასამართლო ექსპერტიზისა და ინსპექტირების მიმართულებით, ესაა აკრედიტებული (ISO) სერტიფიკატით და გათანაბრებულია სამხარაულთან, იგივე უფლებებით სარგებლობს. „რეალექსპერტს“ მომართა დამკვეთმა „ყვარელრემმშენმა“ და ჩატარდა არა ექსპერტიზა, არამედ ინსპექტირება. ინსპექტირების ანგარიში სამ ეტაპად განხორციელდა“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ინსპექტირებისას დგინდება შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეესაბამება თუ არა ხარჯთაღრიცხვის პირობებს. მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, დეტალურად ინსპექტირების საბოლოო დასკვნაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უფრო ნაკლები თანხა დაიხარჯა, ვიდრე გაწერილი იყო. „თანხა სამივე ეტაპზე ნაკლები იყო, მერე საბოლოო გაკეთდა სხვა საექსპერტო დაწესებულებაში. იქ ნაკლები იყო თუ არა, არ ვიცით, რადგან შეიძლება მერე შეასრულა რაღაც მოცულობები. ჩვენ დავუფიქსირეთ ნაკლებობა, ანუ რაც უნდა გაკეთებულიყო, იმაზე ნაკლები იყო შესრულებული“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ინსპექტირებისას დგინდება არა შესრულებული სამუშაოს ხარისხი, არამედ მხოლოდ მოცულობა მოწმდება. „ვიზუალურად ხდება ამის შემოწმება, ხარისხს კი არ აკონტროლებ“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.