ევროკავშირი აშშ-ს საპასუხო ქმედებით დაემუქრა, თუ აშშ ევროპული საქონლის ამერიკაში ექსპორტის შეზღუდვაზე წავა.
როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, ევროკავშირი მზად იქნება დაუყოვნებლივ გასცეს ადექვატური პასუხი ვაშინგტონს, თუ ევროპული ექსპორტი დაზარალდება აშშ-ს მხრიდან შემზღუდავი რეგულაციების შემოღებით. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის სხინასმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირისთვის ვაჭრობის სფეროში არ არსებობს გამარჯვებული ან დამარცხებული. „ჩვენ ვთვლით, რომ ვაჭრობა უნდა იყოს არა მხოლოდ ღია და სამართლიანი, არამედ კანონზეც დაფუძნებული“, - ხაზი გაუსვა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
28 იანვარს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანულ ტელეარხ ITV -სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონს ბრიუსელთან ბევრი პრობლემა აქვს და ამგვარი სიტუაცია შესაძლოა, ძალიან სერიოზულ „რამემდე“ მივიდეს სავაჭრო ურთიერთობებში. „ამერიკული პროდუქტებისთვის ძალიან რთულია ევროპულ ბაზარზე მოხვედრა, მაშინ, როცა ევროპული საქონელი ძალიან მცირე გადასახადით მარტივად ხვდება ამერიკის ბაზარზე,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
კოკა კვირკველია