საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წლის იანვარში 9 საჯარო სხდომა გამართა.
სემეკის ინფორმაციით, სხდომებზე განსახილველი საკითხების უმეტესობა შეეხებოდა ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს. საჯარო სხდომებზე განსახილველი საკითხები წარმოადგინეს კომისიის მოქალაქეთა საჩივრების დეპარტამენტმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა. იანვრის თვეში საჯარო სხდომებზე 200-ზე მეტი დავა იქნა განხილული.
სემეკის განმარტებით, მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა ხანდაზმულ დავალიანებებს, კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 101 207 ლარი შეადგინა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე კომისიის Facebook გვერდზეც.