ევროკავშირი პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიების დახმარების პროგრამისთვის დამატებით 42.5 მილიონ ევროს გამოყოფს.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მისივე თქმით, აშშ ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესს საფრთხეს შეუქმნის, თუ მარტო იმოქმედებს.
„ნებისმიერი მოლაპარაკების სტრუქტურა უნდა იყოს მრავალმხრივი და მასში ყველა მოთამაშე, ყველა პარტნიორი უნდა იყოს ჩართული, რაც არსებითია ამ პროცესისთვის. არაფერი გამოვა შეერთებული შტატების გარეშე, მაგრამ არაფერი გამოვა, თუ შეერთებული შტატები მარტო იმოქმედებს“, - განაცხადა მოგერინიმ.
მისი თქმით, ევროკავშირი პირველ რიგში ღაზას მოსახლეობაზე ფიქრობს.
„ძალიან დიდი ხანია მოსახლეობას ყოველდღიურად რთულ პირობებში უწევს ცხოვრება და ეს ხდება საერთაშორისო, მათ შორის ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების მიუხედავად“, - აღნიშნა მოგერინიმ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება დაემატება იმ თანხას (107 მილიონი ევრო), რომელსაც ევროკავშირი ისედაც გამოყოფს გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოსთვის.