ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ნავთობიმპორტიორთა კავშირი საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითხოვს

დიზელი გამოყენების აკრძალვა გამორიცხულია, - ასე ეხმაურება ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ინიციატივას საქართველოში არაკონდიცირებული, დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვის შესახებ.

ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ მთლიანად დიზელის იმპორტის აკრძალვა ვერ მოხდება. თუმცა, მისივე თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანაში უხარისხო არასტანდარტული პროდუქციის შემოტანა და რეალიზაცია არ უნდა ხდებოდეს.

„ზოგადად, დიზელის საწვავის გამოყენების აკრძალვა გამორიცხულია, რადგან სწორედ დიზელს მოიხმარს სატრანზიტო გადამზიდველი სატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო სამერნეო თუ სამხედრო ტექნიკა და ა.შ. თუმცა, თუ უხარისხო პროდუქციის შემოტანაზეა საუბარი, ამაზე რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით. გარდა იმისა, რომ გარემოს აბინძურებს, არასტანდარტული, უხარისხო საწვავის რეალიზაცია კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრობლემასაც აჩენს, რადგან მისი ფასი შედარებით დაბალია,“-აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მანვე საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლის არსებულ მექანიზმზეც ისაუბრა. მთვრალაშვილის განცხადებით, საკმაოდ მაღალია საჯარიმო სანქციები, როგორც ავტოგასამართი სადგურების, ისე მწარმოებელი თუ იმპორტიორი კომპანიების მიმართ.

„ხარისხის კონტროლის მექანიზმი საკმაოდ დახვეწილია, თუმცა სასურველია, ხარისხის კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს. კერძოდ, გაიზარდოს ხარისხის კონტროლის ზედამხედველობა, შემოწმება. ამასთან, სასურველია ოპერატორების შერჩევა მოხდეს არა შერჩევით, არამედ ზედამხედველობა ყველა ოპერატორის მიმართ ინტენსიურად განხორციელდეს,“-განაცხადა მთვრალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბრის მონაცემებით, გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხი 14 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა და ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი შემოწმებულ ობიექტებზე არ გამოვლენილა.

რაც შეეხება კანონმდებლობას, ავტოგასამართი სადგურები, სადაც საწვავის ხარისხი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება, 8 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ფულადი სანქციებია განსაზღვრული ასევე ხარისხობრივ ნორმებთან შეუსაბამო საწვავის იმპორტის შემთხვევაშიც, რა დროსაც კომპანია 10 ათასი ლარით ჯარიმდება, ხოლო უხარისხო საწვავის წარმოება-გამოშვებაზე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს 9 ათასი ლარით დაჯარიმებაა გათვალისწინებული.