"2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელფასები 1 182 139 ლარით გაიზარდა, რაც სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული არ ყოფილა"

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანებებით და შრომით ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებებით, 2015-2016 წლებში, თანამშრომლებისთვის 1,182,139 ლარის ოდენობით შრომის ანაზღაურების ზრდა მოხდა , რაც სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული არ ყოფილა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან - 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს ეხება.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, მაუწყებელმა, სამურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში, კანონით განსაზღვრული შესაბამისი ცვლილების შეტანის გარეშე, 2015-2016 წლებში, ჯამში, 8 006 832 ლარის ხარჯი გაწია.

„2015 და 2016 წლების ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული საშტატო ერთეულებისათვის, თანამდებობრივი სარგოების ოდენობა უნდა დაემტკიცებინა სამეურვეო საბჭოს. აღნიშნულ წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში არ ყოფილა საშტატო განრიგი და შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოები.

2015-2016 წლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანებებით და შრომით ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებებით, მოხდა თანამშრომლებისთვის 1,182,139 ლარის ოდენობით შრომის ანაზღაურების ზრდა, რაც სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული არ ყოფილა. სამეურვეო საბჭო მაუწყებელზე ფინანსურ და მმართველობით კონტროლს წარმართავდა მნიშვნელოვანი სისუსტეებით, კერძოდ: მაუწყებლის ყველა თანამშრომელი, გარდა გენერალური დირექტორისა, შტატგარეშე თანამშრომლად ირიცხება; მაუწყებელმა, სამურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში, კანონით განსაზღვრული შესაბამისი ცვლილების შეტანის გარეშე, გასწია შემდეგი ხარჯები: 3,704,559 ლარი - 2015 წელს და 4,302,233 ლარი - 2016 წელს.

მაუწყებლისათვის დამტკიცებულ და შემდგომში დაზუსტებულ ბიუჯეტში „შრომის ანაზღაურების“ მუხლში წარმოდგენილი თანხები მნიშნელოვან ცვლილებებს განიცდიდა.

კერძოდ, 2015 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლი დაიგეგმა 2,767,000 ლარით, ხოლო ფაქტობრივად გადახდილმა თანხამ შეადგინა 431,213 ლარი; 2016 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლი დაიგეგმა 2,767,000 ლარით, ხოლო ფაქტობრივად გადახდილმა - 521,278 ლარი შეადგინა.

რეალურად „შრომის ანაზღაურების“ მუხლიდან თანხები გაცემულია მხოლოდ გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს წევრებზე, ხოლო ყველა სხვა თანამშრომელზე ხელფასი გაიცა „საქონელის და მომსახურების“ მუხლის - „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ ქვეკატეგორიიდან, კერძოდ: 2015 წელს - 16,652,617 ლარი, ხოლო 2016 წელს - 21,329,289 ლარი.

მაუწყებლის ბიუჯეტში „შრომის ანაზღაურების“ მუხლის „ჰონორარის“ ქვეკატეგორიაში, 2015 წლის 1 სექტემბრამდე უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის საბჭოს 4 წევრის „ჰონორარი“, ნაცვლად 8 თვისა (64,000 ლარი), დაიგეგმა 12 თვეზე (96,000 ლარი)“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშში ნათქვამია: სსიპ - „შემოსავლების სამსახურიდან“ მოწოდებული ინფორმაციით გამოვლინდა, რომ 2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის პერიოდში, 542 თანამშრომელი შრომის ანაზღაურებას სხვა ორგანიზაციაშიც იღებდა, საიდანაც სხვა მაუწყებელში პარალელურად დასაქმებული 103 თანამშრომელი იყო.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს არ აქვს უფლება დაიკავოს თანამდებობა ან ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებელში, რითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი.

საზოგადოებრივ მაუწყებელში არ არსებობს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც მისი თანამშრომლების სხვა დაწესებულებებში პარალელურად საქმიანობის შესახებ ინფორმაციას გამოავლენდა, მათ შორის, კონტროლის მექანიზმად შესაძლოა გამოყენებული იყო ე.წ „ტურნიკეტის“ მონაცემები“, - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეურვეო საბჭოს წევრებს განესაზღვრათ უფლებამოსილების ვადები.

„სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ზედმეტად გადახდილი ჰონორარი, ექვემდებარება ბიუჯეტში უკან დაბრუნებას“, - ნათქვამია ანგარიშში.