“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ტენდერის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მარეგულირებლის (GNCC) მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს გამოცხადებული საჯარო შესყიდვა 267 857 ლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის სისტემის შესყიდვას ითვალისწინებს, კონკრეტულ მიმწოდებელზეა მორგებული.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ქმედება უხეშად არღვევს საჯარო შესყიდვების ღიაობისა და კონკურენტუნარიანობის პრინციპებს, შეიცავს დანაშაულის შესაძლო ნიშნებს, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ტენდერი უნდა შეჩერდეს და შესაბამისმა ორგანოებმა დაიწყონ შესაძლო დანაშაულის მოკვლევა.
„2017 წლის 19 დეკემბერს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის საზომი სისტემის შესაძენად ტენდერი (NAT170014992) გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 267 857 ლარს შეადგენს; წინადადებების მიღება 22 იანვარს დაიწყო და 25 იანვარს დასრულდა. დოკუმენტების თანახმად ირკვევა, რომ კომისია გეგმავს შეიძინოს ინტერნეტის ხარისხის საზომი სისტემა, რომელიც მოიცავს ხარისხის გასაზომი სტაციონალური სერვერის მხარდამჭერი სერვერული პროგრამის ლიცენზიას, ინტერნეტის ხარისხის ავტომატური გასაზომი, პორტაბელური (გადასატანი) მოწყობილობის მხარდამჭერი სერვერის პროგრამულ ლიცენზიას, საკონსულტაციო მომსახურებებს, ტესტის შედეგების დამუშავებას, ანალიზს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე არაერთი ცნობილი კომპანიაა, რომელიც ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის საქმიანობით არის დაკავებული, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, Visualware, Inc., მიიღო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული და მისი სატენდერო შეთავაზება 265 179 ლარს შეადგენს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ატვირთული დოკუმენტების, კონკრეტულად კი ხელშეკრულების პროექტის შესწავლის საფუძველზე მივედით დასკვნამდე, რომ მარეგულირებლის მიერ გამოცხადებული ტენდერი მორგებულია კომპანიაზე - Visualware, Inc., ამ ეჭვს არა მხოლოდ ის აჩენს, რომ ტენდერის პირობები ძალიან დაკონკრეტებული იყო, არამედ ისიც, რომ ხელშეკრულების პროექტის ტექსტში პირდაპირ მითითებულია ტენდერში მონაწილე კომპანიის, Visualware, Inc-ის შემდეგი მაიდენტიფიცერებადი ინფორმაცია“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.