ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა დოლარზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად, 1.25-1.50 პროცენტის ფარგლებში დატოვა და გამოაცხადა, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელების საშუალებას იძლევა.
ასევე აღინიშნა, რომ მართალია, ინფლაცია კვლავაც დაბალია, თუმცა უახლოეს თვეებში მისი ზრდაა მოსალოდნელი.
„ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტი (FOMC) ელოდება, რომ მონეტარული პოლიტიკის საფეხურებრივი ნორმალიზაციის კვალობაზე, ეკონომიკური აქტივობა საშუალო ტემპით ზრდას გააგრძელებს და შრომის ბაზრის მდგომარეობაც მყარი იქნება. ჩვენი მოლოდინით, 12-თვიან მონაკვეთში ინფლაცია ზრდას გააგრძელებს და მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეს მიაღწევს“, - ნათქვამია ფედერალური რეზერვის განცხადებაში.
ფედრეზერვის ეს სხდომა, ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის როლში ბოლოჯერ ჩაატარა ჯანეტ იელენმა, რომელსაც ამ პოსტზე თებერვალში შეცვლიან. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ამ პოსტზე მას ჯერომ პაუელი შეცვლის.
ძირითადი საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დატოვებას და ფედრეზერვის ოპტიმისტურ განცხადებას, დოლარის მნიშვნელოვანი გამყარება არ გამოუწვევია. მისი ინდექსი კვლავაც 90.00-იან ზღვარზე დაბლა რჩება. იანვარში მისი კლება 3.2 პროცენტი იყო, რამაც ინდექსი სამწლიან მინიმუმზე (88.438) დაიყვანა.
ინვესტორების ყურადღება ახლა უკვე შეერთებული შტატების შრომის ბაზრის მონაცემებისკენ არის მიპყრობილი, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდება. გუშინ გამოქვეყნებულ კერძო სექტორის არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა (ADP) სტატისტიკამ, შრომის ბაზრის კიდევ უფრო გაუმჯობესება აჩვენა. მოსალოდნელი 186 ათასის ნაცვლად, იანვარში 234 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
პარასკევს არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა ჯამური მაჩვენებელი (NFP), უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი და საშუალო საათობრივი ანაზღაურების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი გამოქვეყნდება, რომლებზეც ბაზარი დადებით დინამიკას მოელის.