ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა.

ამავდროულად, 2017 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რიცხვი 43%-ით შემცირდა.

მათი ინფორმაციით, 2017 წელს საერთო ჯამში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფარი დაახლოებით 707 ათასმა უცხოელმა მოითხოვა, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს რიცხვი 1,3 მილიონს შეადგენდა.

EASO-ს ინფორმაციით, გასულ წელს ყველაზე მეტი მოთხოვნა სირიის მოქალაქეებისგან დაფიქსირდა, ისინი პირველ ადგილს უკვე მეხუთე წელია ინარჩუნებენ. ამასთან, წინა წელთან შედარებით თავშესაფრის მაძიებელი სირიის მოქალაქეების რიცხვი 69%-ით შემცირდა.

სირიის გარდა პირველ ათეულში ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, პაკისტანი, ერიტრეა, ალბანეთი, ბანგლადეში, გვინეა და ირანი მოხვდნენ.