ევროკავშირისა და EFTA-ს ბაზარზე ჰიბრიდული და ელექტრომობილების გაყიდვები 2017 წლის განმავლობაში 39%-ით გაიზარდა.
საუბარია 953,355 ერთეულ ავტომობილზე, რომელიც ტრადიციული ბენზინისა და დიზელის ძრავიანი სისტემებისგან განსხვავებით აღჭურვილია ჰიბრიდული ან ბუნებრივი აირისა და ეთანოლის ძრავებით, ან სრულიად ელექტროძრავებით. აღსანიშნავია, რომ ამ საერთო მონაცემიდან 460,418 მოდის ჰიბრიდულ ავტომობილებზე, ხოლო 135,369 სრულიად ელექტრომობილებზე.
როგორც „ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის“ ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნული ზრდა უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია კომპანია Toyota-ს მხრიდან ჰიბრიდული ხაზის განახლებითა და Renault-ს მხრიდან მისი ელექტრომობილის, Zoe-ს ელემენტების გაძლიერებით, რამაც გამოიწვია ავტომობილის მხრიდან დასაფარი მანძილის ზრდა.
მიუხედავად ამისა, ევროპაში ალტერნატიული საავტომობილო ბაზარი, გასული წლის 15,6 მილიონიანი საერთო ბაზრის გაყიდვების მხოლოდ 6,1%-ს იკავებს. ის გაზრდილია წინა წელთან შედარებით, რაც დამაიმედებელია უკვე 2018 წლის პროგნოზისთვის. უკვე წელს ევროკავშირში მხოლოდ ელექტროძრავიანი ავტომობილების გაყიდვების 200 ათასამდე ზრდას ელოდებიან, ხოლო 2020 წლისთვის ამ ციფრის 600 ათასამდე ზრდაა მოსალოდნელი, მილიონიან ნიშნულს ის 2022 წელს უნდა მიუახლოვდეს.
კოკა კვირკველია