მიმდინარე წელს ელექტროენერგიის მოხმარების 7.1%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ამის შესახებ, „გალტ&თაგარტის“ მიმოხილვაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული 2018 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, აღნიშნული ზრდის დაკმაყოფილება იმპორტით (+30.8% წ/წ) და ჰიდროგენერაციით (+7.3% წ/წ) იგეგმება.
„იმპორტის წყაროები განისაზღვრება წლის განმავლობაში არსებული კომერციული კონტრაქტების მიხედვით. 2018 წელს თბოგენერაციის 4.5%-იანი კლებაა მოსალოდნელი. საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2018 წელს სისტემას მხოლოდ სამი მცირე სიმძლავრის ჰესი დაემატება, 8.9 გვტ.სთ. წლიური გენერაციით. ჰიდროგენერაციის ზრდის ძირითადი წყარო 2017 წელს ექსპლუატაციაში შესული სადგურები იქნება. ბალანსში აგრეთვე გათვალისწინებულია ელექტროენერგიის ექსპორტის 17.5%- იანი ზრდა. ექსპორტიორი კომპანიები და ექსპორტის მიმართულებები განისაზღვრება წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ჩატარებული აუქციონებით,“-ნათქვამია მიმოხილვაში.