ოზურგეთში რადიოაქტიურად დაბინძურებული ნიადაგის რადიომეტრული კვლევა ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ოზურგეთში, დაბა ანასეულში, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ყოფილი ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიოაქტიურად დაბინძურებული ნიადაგის რადიომეტრული მორიგი კვლევა განახორციელეს.

აღნიშნული ტერიტორია გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ყოფილი ინსტიტუტის გაძარცვის დროს დაბინძურდა.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ტერიტორიის შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს. გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, მაიონებელი გამოსხივების დოზის სიმძლავრე უცვლელია უკანასკნელი წლების განმავლობაში და საფრთხეს არ წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

სპეციალისტები, გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუკვაძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიაქტიური ნარჩენების დეპარტამენტის უფროსის, გია ნაბახტიანის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში ხელშეკრულება გაფორმდა შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრთან.

„ხელშეკრულების ფარგლებში, აღნიშნული ტერიტორიის დეტალური და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, შვედი ექსპერტების ჩართულობით, უკვე დაწყებულია პროექტი. იგეგმება მიწის ზედაპირის დეტალური რადიოლოგიური მონიტორინგი და დაბინძურებულ ადგილებზე რადიონუკლიდების მიწის სიღრმეში განაწილების შესწავლა. ჩატარდება გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები. კვლევების დასრულების შემდეგ, მომზადდება დეტალური გეგმა, რომელშიც პრობლემის მოგვარების მეთოდები გაიწერება. კონკრეტული სამუშაოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას საჭიროებიდან გამომდინარე იქნება მიღებული“, - აღნიშნა გიორგი ნაბახტიანმა.