ქართლის ქარის ელექტროსადგურმა იანვარში დაგეგმილზე 11%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა

“ქართლის ქარის ელექტროსადგურის” მიერ მიმდინარე წლის იანვარში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 7 მლნ 123 ათას 340 კვტ.სთ შეადგინა, რაც 723 ათასი კვტ.სთ-ით აღემატება იანვრის საპროგნოზო გამომუშავებას. „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საქართველოში ალტერნატიული ენერგიების ათვისების მიმართულებით პირველი პროექტია. როგორც საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული, ქართლის ქარის ელექტროსადგური დიდი მხარდაჭერით სარგებლობს საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების მხრიდან და ასევე, ხელს უწყობს საქართველოში განახლებად ენერგიის წყაროების განვითარებასა და დივერსიფიკაციას.

ამასთან, ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტი, მისი ფინანსური და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, EMEA Finance-მა (Europe, Middle East and Africa Finance) 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგებად დაასახელა.

ქართლის ქარის ელექტროსადგური დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია. სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.

აღსანიშნავია, რომ ჩართვის დღიდან ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია 103 923 000 კვტ.სთ-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას.

წყარო: ენერგოპლატფორმა