„სატენდერო მაფია“ და არაკვალიფიციურობა - რას უკავშირებენ ექსპერტები სამშენებლო სფეროში გამოვლენილ ხარვეზებს

საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას თუ მისი დასრულების შემდეგ გამოვლენილი ხარვეზები არახალია. ბოლო შემთხვევა თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მოხდა, როდესაც ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მანამდე სამუშაოების არასათანადოთ შესრულების ფაქტი დაფიქსირდა მუხიანის დასახლებაში ახლადაშენებულ სარაგბო სტადიონზეც.

სამშენებლო სფერო ექსპერტები უკვე წლებია ამ კუთხით, კერძოდ, სამუშაოების შემსრულებლის, პროექტის, ექსპერტიზის, შესრულებული სამუშაოს ჩამბარებლისა თუ სამუშაოებზე ზედამხედველობის არარსებობის პრობლემებზე საუბრობენ, თუმცა კონკრეტული დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი ფაქტობრივად, დღემდე არ დამდგარა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარს ექსპერტები, ვისი პასუხისმგებლობის საკითხს ხედავენ და რას უკავშირებენ ზოგადად სფეროში არსებულ ხარვეზებს.

როგორც ასოციაციის "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე აცხადებს, მომხდარი თბილისის მერიაში არსებული განუკითხაობის შედეგია.

„უბედურება ის არის, რომ პასუხისმგებელი პირი არც კი გამოიკვეთება და შესაბამისად, ეს პრობლემები არ გამოილევა. მეტიც, უფრო გახშირდება. როგორც წესი, ყველა სამუშაო იქნება ეს სამშენებლო, სარემონტო თუ სხვა, ტენდერზე გადის და სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ამ გზით ირჩევა. თუმცა, ჩვენთან „სატენდერო მაფია“ მოქმედებს და სატენდერო თანხის გარკვეული ნაწილი სწორედ მას მიაქვს. შედეგად კი, მშენებლებს აღარ ჰყოფნით თანხა, რომ სამუშაოების ხარისხიანად შეასრულონ,“-აღნიშნა საკანდელიძემ.

მისივე თქმით, პირველ რიგში საჭიროა, მერიამ საკუთარი სამშენებლო კომპანია დააარსოს, რის შემდეგაც სხვადასხვა ხარვეზებსა თუ დარღვევებზე პასუხისმგებელი თვითონ მერია იქნება.

ექსპერტი სამშენებლო სამართალში უჩა ზაქაშვილი კი მშენებლების არაკვალიფიციურობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არ შეიძლება სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ მშენებლობით დაკავებულნი.

„ცალკეულ კონკრეტულ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენა მართალია, მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პრობლემა უფრო გლობალურია. ქვეყანაში ისევ გრძელდება სამშენებლო სამუშაოების არაკვალიფიციური ფიგურანტების მიერ წარმოება. სამწუხაროდ, საქართველოში არანაირი ლიცენზია, ნებართვა არ არის საჭირო იმ ადამიანებისთვის, ვინც მშენებლობითაა დაკავებული. ამიტომ, ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემაა - ხან აღმოჩნდება, რომ სამუშაოები ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, ხან მშენებლობებზე ადამიანები იღუპებიან და ა.შ. შესაბამისად, ვფიქრობ რომ აუცილებელი და საჭიროა, სახელმწიფომ ამ სფეროს მიმართ დამოკიდებულება გაამკაცროს და გარკვეული სტანდარტები დააწესოს,“-აღნიშნა ზაქაშვილმა.

თაია არდოტელი