„ხიდის აშენება დღეს  აუცილებელია“ - დავით ნარმანია მინისტრობისას „ვეფხი და მოყმის“ ხიდის პროექტის შეჩერების მიზეზს განმარტავს

„ვეფხის და მოყმის“ ძეგლთან ხიდის აშენება ქალაქისთვის ნამდვილად საჭიროა“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა და დედაქალაქის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. არადა, მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა აღნიშნული ხიდის მშენებლობა სწორედ მაშინ დაბლოკა, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია იყო. დღეს კი ყოფილი მერი და მინისტრი აცხადებს, რომ მაშინ ამის მიზეზი ხიდის მშენებლობის ღირებულება იყო.

„მაშინ, როცა მე მინისტრი ვიყავი, მუნიციპალური განვითარების ფონდის საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ იმ დროისთვის ასეთი ძვირად ღირებული ხიდის მშენებლობა მიზანშეუწონლად მიიჩნია. ამის შემდეგ თბილისში მანქანების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, მაგალითად, თუ მაშინ თბილისში ყოველდღიურად საშუალოდ 200 ათასი მანქანა გადაადგილდებოდა, დღეს 400 ათასი მანქანა მოძრაობს. ამიტომ, ამ ხიდის გაკეთება აქტუალური დღეს უფრო არის, ვიდრე მაშინ იყო.

თუ ეს ხიდი გაკეთდება ისე, რომ მისი ღირებულება კიდევ უფრო შემცირდება, კარგი იქნება. მაგრამ შემცირება ხარისხის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, ეს დიზაინის ხარჯზე უნდა გაკეთდეს. დაკიდული ვანტური ხიდი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ხიდია, არადა, არსებობს სხვა ტექნოლოგიები, რომელიც მშენებლობას შედარებით გააიაფებს. დღეს ამ ხიდის საჭიროება ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ვეფხვი და მოყმის“ ხიდის აშენების ისტორია 2012 წლიდან იწყება. ეს პროექტი თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ეკუთვნოდა. ე.წ. დაკიდულ ხიდს მარშალ გელოვანის გამზირი სამტრედიის ქუჩასთან უნდა დაეკავშირებინა. თუმცა 2013 წლის თებერვალში „ქართულმა ოცნებამ“ ხიდის მშენებლობაზე უარი განაცხადა.

როგორც მაშინ მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავდნენ, „შესაბამისი კვლევების ჩატარების საფუძველზე დადგინდა, რომ თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდი (პროექტი საერთო ბიუჯეტით-80 მლნ ლარი) აღარ აიგება. საკითხის საფუძვლანი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის აგებით ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, ხიდის აგებას სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. - ამის შესახებ განცხადება ფონდმა 2013 წლის 18 თებერვალს გააკეთა.

ფონდის ამ გადაწყვეტილებას თბილისის მაშინდელი მერი გიგი უგულავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისელებს უგულავას პოლიტიკური შეხედულებების გამო სჯიან.

„ქალაქში საცობების შექმნის მოტივით ხიდის აშენებაზე უარის თქმა სასაცილოა, რადგან „ვეფხისა და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია მძიმე სატრანსპორტო კვანძია და იქ სამანქანო ხიდის აგება აუცილებელია. აღნიშნულ სამანქანო ხიდზე ვაშლიჯვრიდან მომავალი ტრასის დაერთებაც იქნება შესაძლებელი, რაც გაგარინის მონაკვეთსა და ჟვანიას მოედანს განტვირთავს, - განაცხადა მაშინ უგულავამ.

უგულავას საპასუხოდ კი ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შოთა მურღულიამ ასეთი განცხადება გააკეთა: „სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განიხილეს არსებული პროექტი და მისი ძვირი ღირებულების (პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით უნდა გახორციელებულიყო და მისი ღირებულება 80 მლნ ლარი გახლდათ), დიდი საექსპლუატაციო ხარჯების (5 მლნ ლარი წელიწადში) და მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის საფუძველზე, აღნიშნული ხიდის მშენებლობაზე უარი განაცხადეს. სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მზად არიან, განახორციელონ მდინარე მტკავრზე ხიდის მშენებლობა, თუ მერია წარმოადგენს პროექტის ალტერნატიულ, მოსახლეობასთან შეთანხმებულ ვარიანტს.

თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ კი გაირკვა, რომ ე.წ. დაკიდული ხიდი აუცილებლად აშენდებოდა. 2017 წლის დასაწყისში ხიდის მშენებლობის აუცილებლობაზე განცხადება ჯერ თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძე გააკეთა, შემდეგ კი ხიდის პროექტი „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაში მოხვდა.

კახა კალაძის მერად არჩევიდან თითქმის 3 თვის თავზე აღნიშნული ხიდის ბედიღბალი ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია. რამდენიმე დღის წინ „ბიზნესპრესნიუსს“ მუნიციპალურ ფონდში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის სიახლე ხიდის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით არ არსებობს.