„საქართველოში ხეების გადარგვის პროცესი აბსოლუტურად კანონთან შესაბამისობაში ხორციელდება“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დენდროლოგიური პარკისთვის ხეების გადატანის პროცესის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„რაც შეეხება ამ სიტუაციას და ეს საკითხი არაერთხელ დაისვა - მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ დენდროლოგიური პარკების მშენებლობა არის ზოგადად, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა. რაც შეეხება საქართველოში დღეს მიმდინარე გადარგვის პროცესს, ეს ხდება აბსოლუტურად კანონთან შესაბამისობაში, რადგან არსებობს სპეციალური ნებართვები, რომლითაც განსაზღვრულია მთელი რიგი პირობები და კანონმდებლობა კიდევ ბევრ რამეს განსაზღვრავს, როდესაც ასეთი ტიპის ოპერაციები სრულდება. ასეთი ტიპის ოპერაციების სწორად შესრულებაზე პასუხისმგებელია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და თითოეულ პირობას, რომელიც გაცემულია, ჩვენ რა თქმა უნდა, მონიტორინგს ვუკეთებთ.
მერწმუნეთ, რომ იქ მოხდება, როგორც ნიადაგის რეკულტივაცია, ისე ბიოლოგიური საფარის აღდგენა და აქ არანაირი აპოკალიფსური და კატასტროფული არ ხდება. პირიქით, ვფიქრობ, არის აბსოლუტურად გაზვიადებული.
დღეს გამახსენდა ისიც, რომ შალვა რამიშვილს ჰქონდა გადაცემა „პოსტტვ“-ზე, სადაც დეტალურად ახსნა, რა სიტუაციაა, როგორ აპოკალიფსურადაა წარმოდგენილი რეალობა, რომელიც ნამდვილად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ გვაჩვენებენ. პირიქით, მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ხდება მართლაც უკანონო ჭრა და ამას არ აქვს გამართლება ის, რომ ჩვენთან სოციალური ფონი არის მძიმე. ჩვენ კომპრომისულები ვერ ვიქნებით. ეკოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში მართლაც გაჭირვებულების მიერ არ ხდება ამის ჭრა. პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ აქ არის ჩართული ძალები, ორგანიზებული ჭრა ხდება და ამას უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხეების გადატანის სურვილი გაჩნდება ბიძინა ივანიშვილის თუ ნებისმიერი სხვა პირის მიერ, ამას თავისი წესები აქვს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ის სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ხდება წესებისა და კანონის დარღვევა.