„ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, მომართვის საფუძველზე ინფორმაცია მიიღოს საქართველოში არსებული წიაღისეული რესურსების საბადოებისა და გამოვლინებების შესახებ ელექტრონულად და მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ წიაღისეულის მართვის ფართომასშტაბიანი რეფორმის ფარგლებში მიიღო, რაც ამ სექტორში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას, ასევე ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი გარემოს შექმნას ემსახურება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ მარტივი ხელმისაწვდომობა გაზრდის ინტერესს ამ სექტორის მიმართ, ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.