“ევროპული საქართველო” საწვავზე აქციზის შემცირებას მოითხოვს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელის თანახმადაც, იანვარში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 4.3% შეადგინა.
“ფასების ზრდა ისევ მაღალია და ისევ მძიმედ აწვება უამრავი ოჯახის ჯიბეს. საწვავზე აქციზის შემცირება ის აუცილებელი ნაბიჯია, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, რათა ფასების ასეთი მაღალი ზრდა შეაჩეროს. საწვავზე ისეა ფასები გაზრდილი, უამრავი ადამიანი სოფლად მიწის მოხვნასაც კი ვერ შეძლებს, რომ საკუთარი თავის სარჩენი საკვები მოიყვანოს, არა თუ ბაზარზე გასატანი პროდუქტი. თუ “ქართულ ოცნებას” არ უნდა, ათიათასობით ოჯახი შიმშილისთვის გაწიროს, საწვავზე აქციზი უნდა შეამციროს,” - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, 2017 წელს “ქართულმა ოცნებამ” ერთი ხელით მოგების გადასახადის რეფორმით 300 მლნ დაუტოვა ბიზნესს, მეორე ხელით კი, აქციზის მომატებით ხალხს 450 მლნ ამოუღო ჯიბიდან.
„დიდია ფასების წლიური ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 6.6%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა საკვებ პროდუქტებსაც. ფასების საგრძნობი ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ. ფასების საგრძნობი ზრდაა მედიკამენტებზე და, ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში - 6.4%“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, გაზისა და დენის ტარიფების ზრდა ასევე მძიმე ტვირთია ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
„მათ მეტი საფასურის გადახდა უწევთ არა მხოლოდ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზისა და დენის ტარიფის ზრდა ასევე დამატებითი ბიძგია ინფლაციისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილი გამოსავალს “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში ხედავს, რომელიც მისი თქმით, გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.
„აქციზის შემცირება ის მინიმუმია, რაც მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.