სოლომონ პავლიაშვილმა ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, ალგეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ახალი ტურისტული სეზონიდან, ვიზიტორები ეროვნული პარკის სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრში შეძლებენ.

მოეწყობა საგამოფენო სივრცე, კაფეტერია და საკონფერენციო დარბაზი. შენობაში ასევე განთავსდება ადმინისტრაციის ოფისი.

ვიზიტორთა ცენტრი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ეფექტურად განხორციელება საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) უზრუნველყო. პროექტის ღირებულება 1 070 500 ლარს შეადგენს.