„სმარტფონი ბორბლებზე“ -  Mercedes-ის ახალი  A class-ი

გერმანულმა პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Mercedes-Benz-მა სრულიად ახალი, მეოთხე თაობის, A class-ი წარმოადგინა. ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია მარტში დაგეგმილ ჟენევის ავტოშოუზე გაიმართება, თუმცა მისი ფოტოები და ინფორმაცია კომპანიამ რამდენიმე კვირით ადრე გაავრცელა.

როგორც კომპანიის შეფი დიტერ ზეტცშე აცხადებს, საუბარია „სმარტფონი ბორბლებზე“, ვინაიდან ამ ავტომობილს გააჩნია უამრავი ტექნოლოგიური ფუნქცია, რომელიც აქამდე სხვა მოდელებში არ ყოფილა. ის აღჭურვილია ახალი მულტიმედია სისტემით Mercedes-Benz User Experience, რომელიც საფუძვლად დაედება კომპანიის ყველა კომპაქტური კლასის მოდელს. მაგალითისთვის, თუ თქვენ ყოველდღე პირველიდან ორამდე ან ორიდან სამამდე უსმენთ „რადიო პალიტრას“ გადაცემებს - „საქმე“ და „შუადღის სტუდია“, ავტომობილი თავად შეგახსენებთ, რომ ახლა ამ გადაცემის მოსმენის დროა. მას ამ ჭკვიანი სიახლის გარდა სხვა რამის გაკეთებაც შეუძლია, მაგალითად, ავტომაგისტრალზე შეუძლია ნახევრად დამოუკიდებლად, მძღოლის გარეშე იმოძრაოს. ასევე გაზრდილია მისი უსაფრთხოების მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ ვიზუალურად ავტომობილი მისი წინამორბედისგან გაზრდილია გაბარიტებში. გაზრდილია როგორც სიგრძე-სიგანე, ასევე სიმაღლე და შედეგად ის მეტად კომფორტულია. ვიზუალურად კი ის უფრო თანამედროვე გახდა. როგორც ზეტცშემ განაცხადა, ახლა A-class-ის მომხმარებელთა ასაკი 10 წლით გაახალგაზრდავდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის კომპაქტურ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ გასული 2017 წელი სრული წარმოების მხრივ ბოლო წელი იყო როგორც A class-ისთვის, ასევე სხვა კომპაქტური მოდელებისთვის, გაყიდვებმა „პატარების დიდ ოჯახში“ 620 ათასი შეადგინა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ მოდელების განახლების შემდგომ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

ახალი A class-ი წარმოდგენილი იქნება ბენზინისა და დიზელის სხვადასხვა ძრავებით შესაბამისად, ყველა მათგანზე განსხვავებული ფასი იქნება. მსურველებს მისი შეკვეთა უკვე მარტიდან შეეძლებათ, ხოლო მიწოდება მაისიდან დაიწყება.

კოკა კვირკველია