საქართველოს და ევროპულ პროფესიულ კოლეჯებს შორის გაცვლითი პროგრამები იგეგმება, რომლის თანახმადაც, ქართველ სტუდენტებს პრაქტიკის გავლა უცხოეთში შეეძლებათ, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსმა მარიკა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქართული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულების ნაწილი სამუშაოდ უცხოეთში უკვე წავიდა.
„მაგალითად, ევროპაში, პოლონეთში გასულები არიან ჩვენი შემდუღებლები, რომლებიც ლეგალურად მუშაობენ. პოლონურმა კომპანიამ მოგვმართა. ჯანდაცვის სამინისტრო და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩართული. IOM-მმა და ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვმართა ჩვენ და პროფესიული კოლეჯების ასოციაციას და კოლეჯიდან „სპექტრი“ შეირჩა რამდენიმე კანდიდატი. ჩაუტარდათ გამოცდა და დააკმაყოფილეს პირობები. არც ერთი არ ჩაჭრილა, 10 ადამიანი წაიყვანეს და 6 თვით პოლონეთში იმუშავებენ.
თუმცა, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ კოლეჯს ვინც დაამთავრებს, ყველა ევროპაში გავა.
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ლონდონში, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა პროფესიულ სასწავლებლებთან და გაცვლითი პროგრამები იგეგმება. შესაძლოა, საქართველოდან 2-3 თვით პრაქტიკისთვის წავიდნენ სტუდენტები. გაცვლა არ ნიშნავს, რომ კოლეჯის დამთავრების შემდეგ წავლენ ისინი პრაქტიკაზე, არამედ, შესაძლოა, პროცესშივე მოხდეს პრაქტიკაზე გაშვება. ეს უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ პროფესიულ განათლებაში არ არსებობს. გარდა ამისა, ესტონეთთან განხორციელდა პროგრამა ლოჯისტიკის მიმართულებით, სადაც ჩვენმა სტუდენტებმა, რომლებიც „ახალ ტალღაში“ სწავლობდნენ, გაიარეს გარკვეული მოდული ესტონეთში და მიიღეს ესტონურ-ქართული სერთიფიკატი. საერთაშორისო დონეზე მოთხოვნადი პროფესიაა და ამიტომ მათაც შეუძლიათ წავიდნენ უცხოეთში სამუშაოდ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით მიღწეული არ არის შეთანხმება, რომელიც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს უცხო ენის უფასოდ შესწავლაში დაეხმარება.
„კონკრეტულ შედეგს ვერ გეტყვით, მაგრამ იყო მოლაპარაკებები სხვადასხვა პროვაიდერებთან. გვინდოდა შეგვესყიდა მომსახურება, რომელიმე კარგი ენის შემსწავლელი კურსი, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმება ვერ მივაღწიეთ, რესურსები არ ყოფნის და ვეძებთ ეკონომიკურ გამოსავალს. ვადასტურებთ, რომ შევაფასეთ პედაგოგების უნარებიც, რაც საჭიროებს უფრო ძლიერი კორპუსის შექმნას. სტუდენტები რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ, ძალიან დიდ ბარიერს წარმოადგენს უცხო ენის ცოდნა. ჯერ კონკრეტული პროგრამა არ გვაქვს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.