საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს. მისი ავტორი მეცნიერთა ჯგუფია, რომელიც მსგავს პრობლემებზე წლების განმავლობაში მუშაობს.

როგორც ამბობენ, ეს არის ახალი თაობის მეტად ეფექტიანი წამალი, რომლის შექმნაზეც დიდი შრომა და ენერგია დაიხარჯა. მონდომებამ და თეთრად გათენებულმა ღამეებმა ნაყოფი გამოიღო და შეიქმნა პრეპარატი, რომელსაც "ხსნარი N6" უწოდეს. გვესაუბრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი არჩილ ჭირაქაძე.

არჩილ ჭირაქაძე: - პრეპარატის შექმნაზე 10-კაციანი ჯგუფი მუშაობდა. მსგავსი კვლევები საქართველოში დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ფაროსანას საკითხით პრობლემის გამწვავებისთანავე დავინტერესდით. ინიციატივა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილისგან მოდიოდა. ჩვენს უნივერსიტეტში საამისო ბაზა ნამდვილად არსებობს: აქ დიდი ხანია მუშაობენ კარგი სპეციალისტები სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის პრობლემებზე, მოქმედებს 3 ლაბორატორია...

ფაროსანა სწრაფად მრავლდება და შეგუების დიდი უნარი აქვს, საქა­რთვე­ლოში მის გასანადგურებლად ბუნებრივი ფაქტორები თითქმის არ არსებობს.

- ვინ არიან "ხსნარი N6"-ის შემქმნელები­ და იდეის ავტორები?

- ეს რამდენიმე მეცნიერის იდეაა, მათ თავიანთი ვინაობის აფიშირება არ სურთ, თანაც ამ წამლის შექმნაში იმდენი ადამიანის შრომაა ჩადებული, რომ სწორი არ იქნება რამდენიმე მათგანისთვის მიწერა.

- რით გამოირჩევა სხვა პრეპარატებისგან?­

- დღეს მსოფლიოში იყენებენ ზომიერი­ ტოქსიკურობის პრეპარატებს, ოღონდ სიტ­ყვა "ზომიერმა" არ უნდა მოგვატყუოს: მათი სულ მცირე დოზის ჩაყლაპვაც საკმარისია ადამიანის დასაღუპავად. რა თქმა უნდა, ეს წამლები ბუნებას დიდ ზიანს აყენებს. გარდა ქიმიური წამლებისა, არსებობს ბიოლოგიური წამლები, რომლებიც ნაკლებად ეფექტიანია, თუმცა ზიანიც ნაკლები მოაქვს. მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ უფრო ეფექტიან ბიოლოგიურ ანუ ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებებზე. ოპონენტები გვსაყვედურობენ, რომ ქიმიური პრეპარატების აკრძალვა გვინდა,­ მაგრამ ასე არ არის - უბრალოდ, მინიმუმამდე გვინდა დავიყვანოთ უარყოფითი­ მხარეები. მავნე მწერების საწინააღმდეგო­ პრეპარატი მაქსიმალურად ეფექტიანი უნდა იყოს და ეკოსისტემაც რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანოს.

მოსახლეობას დაურიგეს ბიფენტრინის შემცველი ქიმიური პრეპარატები, რომლებსაც აწერია "ზომიერად ტოქსიკური", მაგრამ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის საშიშია. ხალხს არა აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რომ ეს პრეპარატები სწორად გამოიყენონ. მათგან განსხვავებით, "ხსნარი N6" მაქსიმალურად უსაფრთხო და მარტივი გამოსაყენებელია.

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბიფენტრინის შემცველ პრეპარატებს ახასიათებენ როგორც "ზომიერად ტოქსიკურს", მაგრამ ეს ტოქსიკურობის საკმაოდ მაღალი დონეა. დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ პრეპარატებს ძალიან მძიმე შედეგი მოაქვს ისეთი სიცოცხლისუნარიანი არსებისთვის, როგორიც ვირთაგვაა - უზიანებს რეპროდუქციულ და ენდოკრინულ სისტემას. პრეპარატები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო არიგებს, მეტად უარყოფითად მოქმედებს ფლორაზე, ფაუნასა და მთელ ჩვენს ეკოსისტემაზე. ბიფენტრინის შემცველ ბევრ პრეპარატს აწერია, რომ ჩაყლაპვის შემთხვევაში შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს, ამიტომ ოჯახში, სადაც ბავშვები არიან, მისი შენახვა მიზანშეწონილი არ არის. ამერიკაში ამ პრეპარატებს სერტიფიცირებული სპეციალისტის თანხლებით იყენებენ. ადრე გამოიყენეს თურქული წარმოების "ზონდ­ერი", ახლა სხვა პრეპარატები უნდა გამოიყენონ. პრეპარატები როგორ არ არს­ებობს, მაგრამ თუ იმ დოზით გამოიყენე, რომ არ გაუფრთხილდი ადამიანს, ფუტკარს, რომელიც დამტვერვის პროცესში უდიდეს როლს ასრულებს და მცენარეული სამყაროსთვის შეუცვლელი არსებაა, არ გაუფრთხილდი სხვა სასარგებლო მცენარეებსა და ცხოველებს, ასეთი პრეპარატი ფაროსანასაც მოკლავს და ყველაფერს ზედ მიაყოლებს, რაც კი ბუნებაში არსებობს. შეიძლება ამ პრეპარატებმა ფუტკარი და სხვა ცოცხალი არსებები არ დახოცოს, მაგრამ მოწამლოს და ისე დააზიანოს, რომ გამრავლების უნარიც კი დააკარგვინოს.

- რისგან არის თქვენი პრეპარატი დამზადებული?

- ჯერ გეტყვით, "ხსნარი N6" რატომ დავარქვით: სულ 12 პრეპარატის გამოცდა­ მიმდინარეობდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე კარგი ეფექტი მეექვსეს ჰქონდა. როცა დაპატენტდება, ნამდვილ სახელსაც დავარქმევთ. ხსნარი მხოლოდ ბუნებრივი, მცენარეული ექსტრაქტებისგან არის დამზადებული. მოგეხსენებათ, ფაროსანა თითქმის ყველაფერს ჭამს, მაგრამ ზოგ­იერთ მცენარეს არ ეკარება. სწორედ ამ მცენარეებზე დაყრდნობით შეიქმნა "ხსნარი N6", რომელშიც ქიმიური ნაერთები არ შედის. მოასხამთ მას ფაროსანას გავრცელების ადგილას და მწერი განადგურდება, თანაც პრეპარატი მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე. რა თქმა უნდა, მსოფლიოში სხვა ბიოლოგიური პრეპარატებიც არსებობს, მაგალითად, "ბოვერია ბასიანა", რომელიც ზრდასრულ ფაროსანას ვერ კლავს, მაგრამ ახალგაზრდას 100%-იანი შედეგით ანადგურებს. თუ ჩვენ იმ ხანძარსა და საშიშროებას ჩავაქრობთ, რომელიც გვემუქრება, მერე უკვე ამ პრეპარატის გამოყენებაც შეიძლება. უბრალოდ, არ გვსურს ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი იმდენი გამოიყენონ, რომ ამან ეკოლოგიასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე კატასტროფულად იმოქმედოს. ჩვენს ქვეყანაში ატმოსფერო და წყალი ისედაც დაბინძურებულია და ბიფენტრინის დამატება აღარ არის საჭირო.

- "ბოვერია ბასიანასთან" შედარებით რამდენად ეფექტიანია ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი პრეპარატი?

- მთავარია, მომწამვლელი არ არის და "ხსნარი N6" თითქმის ისეთივე ეფექტის მომტანია, როგორიც ქიმიური პრეპარატები. დავუშვათ, ქიმიური საშუალების გამოყენებისას ფაროსანას სიკვდილიანობა­ 97%-ია, ამ პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება იყოს 94-95%. ის ფუტკრისთვის ათჯერ უფრო უსაფრთხოა, ხოლო ადამიანისთვის - პრაქტიკულად უსაფრთხო.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 5 თებერვლის ნომერში ან

გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია