ახალი პროექტის თანახმად, მოსწავლეებს საშუალო სკოლებში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ

განათლების და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში პროფესიული უნარების განმავითარებელი აქტივობების ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს.

პროექტის თანახმად, ახალგაზრდებს საშუალო სკოლებში სრულფასოვანი პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსმა მარიკა ზაქარეიშვილმა განუცხადა, საპილოტე პროექტში, რომელშიც გასულ წელს 3000 მოსწავლე ჩაერთო, წელს გეოგრაფიულ არეალს ზრდის და მასში ჩართვის უფლება ნებისმიერ სკოლას ექნება.

„UNDP-თან და განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან ერთად დავიწყეთ ადაპტირებული პროგრამები სკოლის მოსწავლეებისთვის. თავიდან, პროფესიულ სასწავლებლებთან ახლოს მდებარე სკოლებიდან მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სურვილის შემთხვევაში პროგრამაში ჩართულიყვნენ და ორთვენახევრის განმავლობაში სხვადასხვა უნარები გამოემუშავებინათ. კვირაში ორჯერ, ორსაათნახევრიანი პროგრამა იყო. ბავშვები მიდიოდნენ პროფესიულ სასწავლებელში. პილოტირებამ გაამართლა, მაგრამ ყველა მოსწავლისთვის ეს არ იყო ხელმისაწვდომი, რადგან სკოლებთან ახლოს ყველგან არ არის პროფესიული სასწავლებელი. მივიღეთ გადაწყვეტილება და მალე გამოცხადდება საგრანტო კონკურსი სკოლებისთვის. ისინი თავად აირჩევენ, რომელი პროფესიული მიმართულებაც უნდათ პროგრამის წარმართვა, შესაძლებლობა ექნებათ, მოითხოვონ აღჭურვილობა, მასწავლებლის ხელფასი, ტრანსპორტირების ფული, ა.შ. იქნება საშუალება, პროფესიული კოლეჯების პედაგოგები მივიდნენ სკოლაში და სკოლის პედაგოგებთან ერთად ასწავლონ ბავშვებს. სესია გაკვეთილების შემდეგ მაქსიმუმ საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. წელს ნებისმიერ სკოლას შეეძლება ამ კონკურსში მონაწილეობა, ოღონდ განაცხადი უნდა იყოს დასაბუთებული, რომ ნამდვილად ჩატარდება პრაქტიკული გაკვეთილები და სკოლას აქვს შესაბამისი სივრცე ამ მეცადინეობისთვის. აღჭურვილობა, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ სკოლას რჩება. მაგალითად, შარშან კასპის ერთ-ერთ სკოლაში პროფესიულმა კოლეჯმა „იკაროსმა“ განახორციელა ეს პროექტი და თუ ამ სკოლას ისევ ექნება სურვილი, რომ საგრანტო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, მას პროფესიული კოლეჯის მასწავლებლის დახმარება აღარ დასჭირდება, მასწავლებელს თვითონ ეს სკოლა გამოყოფს. შარშან 200 სკოლა ჩაერთო ამ პროგრამაში და 3000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ამ კურსის გავლა მოსწავლეს შრომით უნარებს უვითარებს. „უმაღლებს დამოკიდებულებას ხელით გასაკეთებელი საქმეების მიმართ, რაც საქართველოში სამწუხაროდ გარდასატეხია. უვითარებს აკადემიურ უნარებს პრაქტიკასთან ერთად. კულინარიას როდესაც სწავლობდნენ, იქ ქიმიის ცოდნაც აუცილებელი იყო. მათემატიკაც უნდა სცოდნოდათ აწონვის და გაზომვის დროს და რაც მთავარია ამას აქვს პროფორიენტაციული ხასიათი. ამასთანავე, მასწავლებლები ეუბნებიან ბავშვებს, რომ შესაძლოა, ახლა მათ ღებვის კურსი აირჩიონ, მაგრამ მომავალში ეს პროფესია ინჟინერიამდე მივიდეს. ეს კურსი გათვალისწინებული იყო მე-8-მე-9 კლასელებისთვის, თუმცა, უფროსკლასებიც ითხოვდნენ. ფაქტობრივად, ეს არის შრომის გაკვეთილების მოდიფიცირებული ვარიანტი. თავიდან მას შრომითი გაკვეთილები ერქვა, მაგრამ მოგვიანებით სახელი გადაარქვეს და „შრომითი უნარების განვითარების პროგრამა“ დაარქვეს. შარშან ამ პროგრამისთვის 2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 300 ათასი ლარი დარჩა აუთვისებელი. წელსაც ამდენივე თანხა- 2 მილიონი ლარი გამოიყო. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მასწავლებლებისთვის დამატებითი ანაზღაურებაა. მაგალითად, ფიზიკის მასწავლებლებს თავისუფლად შეუძლიათ ამეცადინონ ბავშვები ელექტროობაში, თუ შესაბამის მეთოდიკაში პროფესიული კოლეჯების პედაგოგებთან გაერკვევიან. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მკაცრი მონიტორინგი ჰქონდა. UNDP დაგვეხმარა და მონიტორინგის ექსპერტები გვყავდა აყვანილი. მალე გამოიცემა ანგარიში, როგორ შეიძლება ეს პროგრამა განვითარდეს, რა ხარვეზები იყო, როგორი იყო კმაყოფილების ხარისხი ბავშვებში. მთავარი რეკომენდაციაა, რომ პროგრამა მთლიანად პრაქტიკული იყოს და თეორიული ნაწილი საერთოდ არ ჰქონდეს. გარდა ამისა, ახალი იდეები წამოვიდა, რაც უკავშირდება რეგიონებში HUB სკოლების გაკეთებას, რომლებიც ძალიან რომ გაძლიერდებიან, იმ სკოლებში სხვა სკოლებიდანაც მოვლენ. ყველა სკოლაში რაღაცების აშენება და განვითარება ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ რამდენიმე სკოლის გაძლიერება სხვა სკოლებსაც მოიზიდავს და მოემსახურება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას, პარლამენტში სიტყვთ გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლო მომავალში განვითარდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გაიზრდება გეოგრაფიული დაფარვა.

„ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე დაიწყება პროფესიული და ზოგადი განათლების სფეროთა ინტეგრირების პროცესი. საბაზო სწავლების დონეზე პროფესიული უნარების განმავითარებელი აქტივობები, ხოლო საშუალო სკოლებში სრულფასოვანი პროფესიული განათლება მოზარდებს დასაქმების სფეროსთან დაახლოებაში დაეხმარება. განვითარდება პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის კავშირები, დაინერგება წინმსწრები და არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები“, - განაცხადა ჩხენკელმა.