ამერიკული კომპანია Amazon-ი სიეტლში ახალ ოფისს ხსნის. შენობას ეწოდება „სფეროები“. როგორც The Verge წერს, ახალი ოფისის მშენებლობა 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სახელი - „სფეროები“ შენობას შემთხვევით არ უწოდეს. სიეტლის საქმიან ნაწილში „გაიზარდა“ სამი შუშის გუმბათი, რომელთაგან ყველაზე მაღალი 27 მეტრის სიმაღლისაა.
Bloomberg-ის მონაცემებით, Amazon-ს პროექტის განხორციელება 4 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ახალ შენობაში კომპანიის 800 თანამშრომელი დასაქმდება.
შენობის შიგნით Amazon-ის თანამშრომლებს ნამდვილი ტროპიკული ტყე დახვდებათ. შენობაში 40 ათასი მცენარე დარგეს, რომელიც მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ჩამოიტანეს. ერთ-ერთ შენობაში განთავსებულია 5-სართულიანი ვერტიკალური ტროპიკული ბაღი. მოლაპარაკებების ოთახს კი „ჩიტების ბუდე“ ეწოდება.
ოფისის შიგნით შექმნილია განსაკუთრებული კლიმატი. ტემპერატურა 22 გრადუსია, ტენიანობა კი 60%.
ოფისის ყველაზე მაღალ სართულზე განთავსებულია თანამშროლებისთვის დასასვენებელი ზონა, სადაც მათ მცენარეებს შორის დასვენება ხისგან დამზადებულ შეზლონგზე შეეძლებათ. თუმცა დიდი ხნით სამუშაოსგან მოწყვეტა მათ არ გამოუვათ, რამდენადაც ოფისში მუშაობს სისტემა სპეციალური საიდენტიფიკაციო ნიშნებით, რომელიც დააკვირდება თანამშრომელთა გადაადგილებას „სფეროებში.“
იხილეთ ფოტოგალერეა