Legatum-ის 2017 წლის კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 149 ქვეყანას შორის 84-ე ადგილზეა. Legatum-ის კეთილდღეობის ინდექსი არის ყოველწლიური რანჟირება, რომელსაც Legatum Institute აქვეყნებს. რანჟირება ეყრდნობა სხვადასხვა ფაქტორებს, მათ შორის სიმდიდრეს, ეკონომიკურ ზრდას, განათლებას, ჯანდაცვას, პერსონალურ კეთილდღეობას და ცხოვრების ხარისხს.
2017 წლის რანჟირებაში 149 ქვეყანა შევიდა, სათავეში კი ნორვეგია მოექცა, რომელსაც ახალი ზელანდია და ფინეთი მოჰყვება. რეიტინგის სამეულს კი ასრულებს - სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და იემენი.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რეიტინგში 88-ე პოზიციაზეა თურქეთი, აზერბაიჯანი - 106-ე ადგილზე, სომხეთი კი 96-ე ადგილზე, რუსეთმა კი რეიტინგში 101-ე პოზიცია დაიკავა. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოს რეგიონის ქვეყნებს შორის საუკეთესო პოზიცია უკავია.
რაც შეეხება საქართველოს მაჩვენებლებს: ეკონომიკის პარამეტრში საქართველოს მაჩვენებელი 95-ია. ეკონომიკური პარამეტრი ასახავს ეკონომიკის ღიაობის ხარისხს ქვეყანაში, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ფინანსური სექტორის ეფექტურობას.
ბიზნესგარემოს კუთხით საქართველო 70-ე ადგილზეა, მმართველობის - 52-ე, განათლების - 52-ე, ჯანმრთელობის 90-ე, უშიშროების და უსაფრთხოების - 71-ე და პიროვნული თავისუფლების - 87-ე.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი საქართველოს სოციალური კაპიტალის მხრივ აქვს და აღნიშნული მაჩვენებელი 140-ს შეადგენს. სოციალური კაპიტალი შემდეგ კრიტერიუმებს მოიცავს: ქველმოქმედებაში ჩადებული თანხა, ადამიანებისადმი ნდობა, მოხალისეების რაოდენობა.
124-ე ადგილზე ვართ ბუნებრივი გარემოს ინდექსში. ეს სვეტი აფასებს ქვეყნის მაჩვენებლებს სამ სფეროში - ბუნებრივი გარემოს ხარისხი, გარემოს დაცვა და პრევენციული ძალისხმევა.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებზე დაყრდნობით ჯამდება. მათ შორის: Gallup-ის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, Freedom House-ისა და Fragile States Index-ის.
ლონდონის ლეგატუმის ინსტიტუტის კეთილდღეობის ინდექსში საქართველო 2012 წლიდან არის მოხსენიებული. 2012 წელს საქართველო 93-ე ადგილზე იყო.