სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 90-იანი წლები ბრუნდება – ოლიგოპოლია და კარტელური გარიგებების საფრთხე

თუკი ,,სილქნეტი” ,,ჯეოსელს” იყიდის, მობილური აბონენტების 74%-ს, ინტერნეტბაზრის 77%-ს და სატელევიზიო მომსახურების 83%-ს ,,მაგთიკომი” და ,,სილქნეტი” გააკონტროლებენ

როგორც მოსალოდნელი იყო და რაზეც ,,ბანკები და ფინანსები” არაერთხელ წერდა, ,,სილქნეტი” ,,ჯეოსელს” ყიდულობს. გარიგების ღირებულება 153 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. შეთანხმება უკვე მიღწეულია “ჯეოსელის” აქციონერებთან: Telia Company (STO:TELIA) და Turkcell (NYSE: TKC, IST: TCELL). დაფინანსება მოხდება “თიბისი ბანკის” მიერ ორგანიზებული ქართული და რეგიონული ბანკების სესხითა და “სილქნეტის” საკუთარი კაპიტალით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ, შესყიდვის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას “სილქნეტსა” და “ჯეოსელს” შორის გარიგების შესასწავლად და ნებართვის გასაცემად 3-თვიანი ვადა აქვს. კომისიაში ადასტურებენ, რომ გარიგების შედეგად, ბაზარზე ოლიგოპოლია გაჩნდება, მაგრამ იქვე აღნიშნავენ, რომ ეს ოლიგოპოლია მომხმარებლისთვის საზიანო არ იქნება.

ოლიგოპოლია ციფრებში

“სილქნეტის” მიერ “ჯეოსელის” შესყიდვის შემდეგ, მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე “სილქნეტის” აბონენტების წილი 35,3%-მდე გაიზრდება. 39,4%-ით პირველ ადგილზე ისევ “მაგთიკომი” დარჩება. შედეგად, აბონენტების 74,7% სწორედ ამ ორ კომპანიაზე გადანაწილდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 5 001 409 აბონენტი. აქედან “მაგთიკომის” მომხმარებელია 1 971 125 აბონენტი, ანუ მთლიანი აბონენტების 39,4%. დღეისათვის “ჯეოსელს” 1 751 267 აბონენტი ჰყავს, “სილქნეტს” 17 612 აბონენტი. გაერთიანების შემთხვევაში, “სილქნეტის” აბონენტების რაოდენობა 1 768 889-მდე გაიზრდება, რაც ბაზრის 35,3%-ს შეადგენს. ბაზარზე მესამე მოთამაშეა კომპანია ,,მობიტელი”, იგივე ,,ბილაინი”, რომელიც 1 349 189 აბონენტს ფლობს და ბაზრის 26,2%-ს იკავებს.

რაც შეეხება ინტერნეტბაზარს, აქ რეგისტრირებულია 733,691 აბონენტი, ბაზრის 77% სწორედ ,,მაგთიკომისა” და ,,სილქნეტის” ხელშია. შესაბამისად, ,,მაგთიკომი” აკონტროლებს ბაზრის 40%-ს, ხოლო ,,სილქნეტი” - 37%-ს.

კიდევ უფრო მაღალ პროცენტს იკავებენ კომპანიები სატელევიზიო მომსახურების ბაზარზე, სადაც 83%-ს სწორედ აღნიშნული ორი კომპანია აკონტროლებს.

მოკლედ, როგორც აღნიშნული სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს ,,მაგთიკომი” და ,,სილქნეტი” სატელეკომუნიკაციო ბაზარზე სრულ ძალაუფლებას ხელთ იგდებენ, ბაზარზე გაჩნდება დუოპოლია და მათ კონკურენციას ბაზარზე არსებული კომპანიები ვერასდროს ვეღარ გაუწევენ და ამავდროულად გაჩნდება კარტელური გარიგებების საფრთხეც.

დატოვებს თუ არა ,,ბილაინი” საქართველოს

,,სილქნეტის” და ,,მაგთიკომის” ერთადერთი რეალური კონკურენტი ბაზარზე ,,ბილაინი” რჩება, რომელიც მხოლოდ მობილური ოპერატორების ბაზარზე ოპერირებს და იქაც 26%-იან წილს ფლობს. რთულად სავარაუდოა, რომ ,,ბილაინმა” რაიმე კონკურენცია გაუწიოს ორ მსხვილ კომპანიას და არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ბაზარი დატოვოს კიდეც. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ,,კავკასუს ონლაინის” შეძენის საშუალება არ მისცეს, ,,ბილაინის” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბაზარზე საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ. და ახლა, როდესაც ოლიგოპოლია კიდევ უფრო ძლიერდება ,,ბილაინის” ბაზრიდან გასვლა სულ უფრო რეალური ხდება.

სატელეკომუნიკაციო ბაზარი განვითარების ნაცვლად წარსულში ბრუნდება

ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, მსოფლიოში ინტერნეტი და მობილური სერვისებიც მუდმივად ვითარდება, იზრდება გავრცელების არეალი, სულ უფრო მეტი კომპანია ჩნდება ბაზარზე და კონკურენციის პირობებში ფასებიც მუდმივად მცირდება. საქართველოში კი ყველაფერი პირიქით ხდება. საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარი უკან, წარსულში ბრუნდება. 90-იან წლებში მაშინ, როდესაც ბაზარზე მხოლოდ ორი კომპანია ,,მაგთიკომი” და ,,ჯეოსელი” ოპერირებდა და მაღალი ტარიფებიც არასდროს მცირდებოდა. ჯერ ,,ბილაინის”, ხოლო შემდეგ ,,სილქნეტის” გამოჩენამ, ბაზარზე გარკვეული კონკურენცია გააჩინა და სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება ტარიფების მაქსიმალური შემცირებაც. შემცირდა როგორც წუთობრივი ტარიფი, ასევე გაჩნდა უამრავი სატარიფო პაკეტი, რამაც მომხმარებლებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა და წლების განმავლობაში დაგროვილმა ყინულმა დნობა დაიწყო. თუმცა, არსებული რეალობა კვლავ შეიცვალა და ოლიგოპოლიის დაბრუნება აჩენს საფრთხეს, რომ ბაზარზე არსებული ტარიფები შემცირების ნაცვლად პირიქით, შესაძლოა, გაიზარდოს და ორი კომპანია, რომელიც წლებია ინტერნეტბაზარზე მსგავსი, მაღალი ტარიფებით ოპერირებენ, შეთანხმებული ფასებით ოპერირებას ახლა უკვე მთლიანად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე გააგრძელებენ.

გამოსავალი

ბუნებრივია, მკითხველში ჩნდება კითხვა თუ სად არის გამოსავალი. გამოსავალი ისევ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა. შესაბამისად, მან უნდა იმოქმედოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ არსებული საქართველოს კანონის 27-ე მუხლის, მე-5 ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს შერწყმის ან შეძენის პირობების კორექტირება, ან საერთოდ აკრძალოს შერწყმა ან ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენა, თუ მიიჩნევს, რომ შერწყმა ან შეძენა გამოიწვევს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას.

ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ბაზარზე კონკურენცია მნიშვნელოვნად ირღვევა. შესაბამისად, კარგი იქნება თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არ დაუშვებს ,,სილქნეტის” მიერ ,,ჯეოსელის” შეძენას.

აპელირება იმაზე, რომ ,,სილქნეტი” ქართული კომპანიაა, რაც ბაზარს დადებითად წაადგება სულაც არ არის სწორი, ვინაიდან კომპანია ,,სილქნეტის” 100%-იან წილს ფლობს Rhinestrem Holdings Limuted-ი, რომელიც რეგისტრირებულია მალტაში და მის ნაცვლად, თუნდაც რომელიმე უცხოურ კომპანიას რომ ეყიდა ,,ჯეოსელი”, ოლიგოპოლიის ნაცვლად ეს მხოლოდ გაზრდიდა კონკურენციას ბაზარზე.

გიორგი კაპანაძე

წყარო: „ბანკები და ფინანსები"