ქართული მეღვინეობა-მევენახეობის შესახებ ნაშრომი ამერიკაში გამოიცემა

ცნობილმა ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა, ლიზა გრანიკმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ექსპერიმენტულ ბაზაზე გაშენებული ვენახი დაათვალიერა და ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ლიზა გრანიკი ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიის, კულტურისა და პოტენციალის შესახებ ნაშრომის გამოცემას გეგმავს.

როგორც ღვინის ცნობილი მაგისტრი აღნიშნავს, იმისათვის, რომ ქართული მეღვინეობის უდიდესი პოტენციალის შესახებ მსოფლიოს საზოგადოებამ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღოს, აუცილებელია ბევრი ინგლისურენოვანი ნაშრომის მომზადება და წიგნებად გამოცემა.

„აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებულია და ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულია ვაზის 450-მდე ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა. საუკეთესო ჯიშების გავრცელებისა და მათი წარმოებაში დაბრუნების მიზნით, სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინის დაყენება და შეფასება ხდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ცნობილმა ღვინის მაგისტრმა საოჯახო ტიპის მარნები და ღვინის ქარხნები დაათვალიერა. ლიზა გრანიკი აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

ლიზა გრანიკის ორგანიზებით, ბოლო წლებში საქართველოში მეღვინეების არაერთი ვიზიტი განხორციელდა, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში კი ქართული ღვინის პრეზენტაციები ჩატარდა.