საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციას ინდივიდუალურად განიხილავს“.
ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიუსელში, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ევროკავშირი დაიწყებს საწარმოების ინდივიდუალურად განხილვას მათთვის აკრედიტაციის მისაცემად. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ საწარმოებს, იმ შემთხვევაში, თუ მათი სტანდარტები გაცილებით უფრო წინ არის წასული, ვიდრე მთლიანად ქვეყნის სტანდარტი და ქვეყნის ასოცირება, ევროკავშირში განაცხადის გაკეთებისა და აკრედიტაციის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ, რათა შემდგომში შეიტანონ ევროკავშირის ბაზარზე მათ მიერ წარმოებული პროდუქცია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ევროკომისართან აღნიშნულ საკითხზე მიღწეული შეთანხმების გარდა, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებზე.